სამეზობლოში ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო ერთ-ერთი ლიდერია

მიმდინარე წელს საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპით ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 12.7%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ კვარტალში უშუალოდ ჩვენი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში საკმაოდ მაღალი 29.8%-იანი ზრდა დააფიქსირა. შესაბამისად, ორი კვარტლის მონაცემებით ეკონომიკის საშუალო ზრდის ტემპი 12.7%-ია.

რაც შეეხება ჩვენი სამეზობლოს სხვა ქვეყნებს, თურქეთის ეკონომიკა პირველ კვარტალში 7.2%-ით გაიზარდა, ხოლო უშუალოდ მეორე კვარტალში ზრდამ 21.7% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მეორე კვარტალში დაფიქსირებული შედეგი 1999 წლის შემდეგ უპრეცედენტოა. ანუ გამოდის რომ 2021 წლის პირველი ნახევრის ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 14.5% შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სომხეთის ეკონომიკა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-ით შემცირდა, თუმცა უკვე მეორე კვარტალში ზრდა დაიწყო და 13.1% შეადგინა. ანუ გამოდის რომ წლის პირველ ნახევარში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ სომხეთში 4.9% შეადგინა.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2021 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა.

რუსეთში პირველ კვარტლაში ეკონომიკა საშუალოდ 0.8%-ით შემცირდა. მეორე კვარტალში კი ზრდა დაიწყო და აპრილ-ივნისის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდამ 10.4% შეადგინა.

ნოდარ სირბილაძე