„ჩვენი პროდუქცია საქართველოსთან შედარებით, საზღვარგარეთ ბევრად მოთხოვნადია“ - ქართველი დიზაინერები

საქართველოდან ტრიკოტაჟის ნაწარმის ექპორტი 69.9%-ით არის გაზრდილი. თუ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში გავიდა 28.5 მლნ დოლარის ტრიკოტაჟის პროდუქცია, წელს 9 თვეში ამ მაჩვენებელმა 48.5 მლნ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის ზრდაზე საუბრობენ მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც. როგორც ირკვევა, ქართველი დიზაინერების პროდუქცია უფრო მეტად იყიდება უცხოეთში, ვიდრე საქართველოში.

დიზაინერი ნინა ზარქუა „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მისი კომპანია მაღალი ფასების გამო ძირითადად ექსპორტზე მუშაობს.

„ჩვენი პროდუქცია საქართველოსთან შედარებით, საზღვარგარეთ ბევრად მოთხოვნადია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებსაც სურთ ჩვენი ტანსაცმლის შეძენა, ფასები ძვირია და ამ კუთხით ვერ ვერგებით მათ. ამიტომ უფრო მეტად ექსპორტზე ვმუშაობთ და გაგვაქვს ჩვენი პროდუქცია ძირითადად აშშ-სა და ჩინეთში,“- ამბობს Nina Zarqua Collection”- ის დამფუძნებელი.

კომპანია “ANOUKI”- ის პიარის მიმართულების ხელმძღვანელის ბექა გვიშიანის თქმით, ბრენდი პოპულარულია ადგილობრივ ბაზარზეც, თუმცა პროდუქციის ექპორტი ადგილობრივს ბევრად აღემატება.

„ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ წარმატებულია, თუმცა რასაკვირველია, ექსპორტი ბევრად ჭარბობს. გვაქვს სასაჩუქრე ტიპის წიგნები, ბლოკნოტები, საკანცელარიო ნივთები ასევე გავხსენით პატარა კაფე, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა მაღაზიისთვის. ვყიდით როგორც ჩვენ, ასევე სხვა ბრენდების პროდუქციას,“- ამბობს ბექა გვიშიანი.

ქრისტინე კაპანაძე