ფინელმა მეცნიერებმა უჯრედული ყავა შექმნეს - უმსხვილესი ინდუსტრიის ალტერნატივა

ფინელმა მეცნიერებმა უჯრედული კულტურებიდან შექმნეს ყავა, რომელსაც ნამდვილი ყავის არომატი და გემო აქვს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს შეფასებით, იმის გამო, რომ კლიმატური ცვლილებები ტრადიციულ ყავის მეურნეობას სულ უფრო მეტ საფრთხეს უქმნის, ფინეთის ტექნიკურმა კვლევითმა ცენტრმა, VTT-მ ყავის მარცვლების გაზრდის უფრო მდგრადი ალტერნატივა მოიფიქრა: მცურავი უჯრედული კულტურები მოთავსებულია ისეთი საკვები ნივთიერებებით სავსე ბიორეაქტორებში, რომლებიც სხვადასხვა ცხოველური და მცენარეული პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება.

VTT-ის მკვლევარი, ჰეიკი აისალა, რომელიც პროცესის შეფასებაზე არის პასუხისმგებელი, აცხადებს, რომ მართალია, უჯრედული ყავა სტანდარტული გემოს ტესტს სრულყოფილად ჯერ ვერ გადის, მაგრამ მრავალი მლრდ დოლარის ყავის გლობალური ინდუსტრიისთვის დიდი პოტენციალი აქვს.

„რა თქმა უნდა, 100%-ით ვერ იმეორებს ნამდვილი ყავის გემოს და მისი არომატი სხვადასხვა ჯიშის ყავის კომბინაციას წააგავს. ჩვენ ჯერ არ გვაქვს კომერციული ჯიში, მაგრამ რაც გვაქვს, ეს ყავას ნამდვილად გვაგონებს," - აცხადებს ჰეიკი აისალა.

VTT-ის კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელის, ჰეიკო რიშერის თქმით, უჯრედული კულტურის ლაბორატორიულად მოშენება ყავის დამზადების უფრო მდგრად გზას წარმოადგენს, რადგან მაღალი მოთხოვნილების გამო, ქვეყნები ყავის მარცვლების მოშენებას მიწის დიდ ფართობებს უთმობენ, რაც ტყეების გაჩეხვას იწვევს. მეცნიერი აცხადებს, რომ ლაბორატორიაში მოყვანილი ყავის ეკოლოგიური სარგებელი პესტიციდებისა და სასუქების შემცირებულ გამოყენებას გულისხმობს. ამასთან, ყავის მარცვლების შორეულ ბაზრებზე ტრანსპორტირების პრობლემას მოხსნის.

Reuters-ის შეფასებით, ერთ დღესაც მაღაზიებში უჯრედული ყავა შესაძლოა, მართლაც გამოჩნდეს, რადგან ბუნებრივი წყაროს გაქრობის ფონზე, თუკი ასეთი ყავა გემრიელი და არომატული იქნება, მისი კომერციალიზაცია „ახალი საკვების" კატეგორიით მოხდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ