რაჭის რთველი უკვე დასრულებულია. მევენახეებს ყურძნის ფასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნიათ, რადგან ალექსანდროულისა და მუჯურეთულის 1 კილოგრამს სახელმწიფო 3 ლარით ასუბსიდირებდა. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ რაჭული ღვინის კომპანია ,,ჭრებალოს“ დამფუძნებელმა განაცხადა.
სოფო ლეკიშვილის თქმით, პანდემიამ პირველ ეტაპზე მათი წარმოება შეამცირა, ახლა კი კვლავ იბრუნებენ პოზიციებს.
,,რაჭაში, რთველი უკვე დასრულებულია უპრობლემოდ შევიძინეთ ალექსანდროული და მუჯურეთული. ახლა ველოდებით ლეჩხუმის რთველს, რომ ვიყიდოთ ცოლიკაური. წელს, რაჭის ყურძენზე იყო სახელმწიფო სუბსიდია 3 ლარი. ჩვენ, ვიხდიდით 4 ლარს, მთავრობა 3-ს და ჯამში, მევენახე იღებდა 1 კგ ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 7 ლარს.
პანდემიამ, პირველ ეტაპზე ჩვენი წარმოება მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა ახლა საექსპორტო ბაზრებს კვლავ ვიბრუნებთ. ჩვენი კომპანია მცირე მარანია და მცირე მოცულობით გავდივართ, ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკაში ვყიდით ღვინოს. სულ 8 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. ესენია: ტვიში, უსახელოური, მუჯურეთული, ქვევრის ალექსანდროული, ბარაკონი და თეთრა. ასევე, 1 სახეობის ჭაჭას, რომელსაც ,,რაჭაჭა“ ჰქვია“,- განაცხადა ჭრებალოს დამფუძნებელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“