ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 1 300 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაქვეყნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ისრაელის სამთავრობო დაგეგმარების კომიტეტი უახლოეს მომავალში კიდევ 3 000 სახლის მშენებლობის შესახებ შეთავაზებების განხილვას გეგმავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ისრაელის ამ ნაბიჯის გამო, შეშფოთება გამოხატეს და განაცხადეს, რომ ასეთმა ქმედებამ, შესაძლოა, დაძაბულობა გაზარდოს და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ზიანი მიაყენოს.
ამასთან, პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა "კატასტროფული გავლენა“ მოახდინოს მშვიდობის დამყარების შანსებზე.