მოსკოვი გმობს აშშ-ის გადაწყვეტილებას რუსების „უსახლკარო მოქალაქეების“ სიაში შეყვანის შესახებ

რუსეთი გმობს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, აშშ-ის ვიზების მაძიებელი რუსების „უსახლკარო მოქალაქეების“ სიაში დამატების შესახებ.

ეს გადაწყვეტილება რუსებს საშუალებას აძლევს, აშშ-ის ვიზაზე განაცხადი მათი ქვეყნის ნაცვლად ვარშავაში შეიტანონ მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩომ მაისში შეწყვიტა სავიზო განაცხადების უმეტესობის განხილვა, იმის გამო, რომ მოსკოვმა საელჩოს თანამშრომლების რუსეთში დაქირავება აკრძალა.

"ამერიკელი დიპლომატები წლების განმავლობაში ანადგურებდნენ საკონსულო სამსახურს რუსეთში. მათ ტექნიკური პროცედურა, რომელიც რუტინულია 21-ე საუკუნისთვის, ნამდვილ ჯოჯოხეთად გადააქციეს,”- წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა სოციალურ მედიაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "უსახლკაროს" უწოდებს იმ პირებს, რომელთა ქვეყნებშიც აშშ-ის არ აქვს საკონსულო წარმომადგენლობა, ან სადაც საკონსულოს თანამშრომლებს არ შეუძლიათ ვიზების გაცემა პოლიტიკური ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გამო. რუსეთი ამ სიაში მეათე ქვეყანა გახდა, კუბის, ერიტრეას, ირანის, ლიბიის, სომალის, სამხრეთ სუდანის, სირიის, ვენესუელის და იემენის შემდეგ.