კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ჯავახიშვილის ქუჩის აღსადგენად საკრებულოსგან 300 000 ლარს ითხოვს

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი, ავთანდილ სუდაძე მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის აღსადგენად პირველ ეტაპზე თბილისის საკრებულოსგან 300 000 ლარს ითხოვს.

თბილისის საკრებულოში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე შექმნილი პრობლემის აღმოფხვრას მიეძღვნა. სხდომას თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე ესწრებოდა. სუდაძემ საკრებულოს ბიუროს წევრებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე ამჟამად არსებული სიტუაცია გააცნო. მისივე თქმით, ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი და შესაბამისი სამსახურები ჯავახიშვილის ქუჩაზე გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სუდაძემ დასძინა, რომ წინასწარი შეფასებით მარტო გზის ჩანგრეული მონაკვეთის აღდგენა არ მოუწევთ. კერძოდ, შესაძლოა, მოუწიოთ ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ შენობამდე მიწის დამჭერი კედლის ხელოვნური მორღვევა.

სუდაძე საკრებულოს დეპუტატებს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას დაპირდა, რათა ოპერატიულად დასრულდეს აღნიშნული მონაკვეთის აღდგენა. მან ასევე დასძინა, რომ ამ ეტაპზე მათთვის საჭიროა 300 000 ლარის გამოყოფა. როგორც სუდაძე აცხადებს, დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის საპროექტო ფასი ხვალ გახდება ცნობილი, რადგან საპროექტო ორგანიზაციას მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია. სუდაძემ განაცხადა, რომ თუ დანგრეული მონაკვეთის აღსადგენად მოთხოვნილზე მეტი თანხა გახდება საჭირო, თანხის მოცულობას პერიოდულად საკრებულოსთან შეათანხმებს.

ბიუროს წევრები დაინტერესდნენ, საფრთხე ხომ არ შეექმნა მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს. სუდაძემ დასძინა, რომ დღეის მდგომარეობით შენობას საფრთხე არ ემუქრება და არც ამ სახლიდან მაცხოვრებელთა გამოყვანის საშიშროება არ არის. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ საექსპერტო ბიუროს წარმომადგენლები მათი მოწვევით ადგილზე იმყოფებოდნენ და ისინიც ჩართული არიან ამ პროცესში.

საკრებულო სუდაძის მოთხოვნას დაეთანხმა და სამშენებლო და საპროექტო სამუშაოებისათვის 300 000 ლარი გამოიყოფა.