თბილისის რომელ უბანში რა ღირს კერძო სახლები

2021 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 6.2 პროცენტით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (-1.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (-4.6 პროცენტი). 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - კერძო სახლებზე 13.5 პროცენტით, ხოლო ბინებზე 7.3 პროცენტით.

„საქსტატმა“ გამოაქვეყნა კერძო სახლების ფასები 1კვ. მეტრზე, თბილისის სხვადასხვა უბნის მიხედვით:

  • ვაკე - 3 510 ლარი;
  • მთაწმინდა - 3 400 ლარი;
  • საბურთალო - 2 650 ლარი;
  • ჩუღურეთი - 2 310 ლარი;
  • კრწანისი - 2 260 ლარი;
  • ისანი - 2 130 ლარი;
  • დიდუბე - 1 945 ლარი;
  • ნაძალადევი - 1 850 ლარი;
  • სამგორი - 1730 ლარი;
  • გლდანი - 1 720 ლარი.
თაია არდოტელი