პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა 9 თვეში 2.565 მლრდ ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ბიუჯეტის დეფიციტი დამატებით 279 მლნ ლარით გაიზარდა.
დეფიციტშია ასევე ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც, კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 8.996 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 9.975 მლრდ ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 9 თვეში ბიუჯეტის ასეთი მაღალი დეფიციტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰქონია. აქამდე ყველაზე მაღალი დეფიციტი ქვეყანას 2020 წლის 9 თვეში ჰქონდა, უფრო კონკრეტულად - 2.538 მლრდ ლარი.
ცხადია, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის მთავარი მიზეზი კორონავირუსი და მისგან წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისია, რის გამოც ბიუჯეტს ხარჯვითი ნაწილი გაეზარდა.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის ერთ-ერთი გავრცელებული და მთავარი გზა, ვალების აღებაა.