საფრანგეთში 2024 წლიდან ძაღლებისა და კატების ზოომაღაზიებში გაყიდვა აიკრძალება

საფრანგეთის მთავრობა გეგმავს, ძაღლებისა და კატების ზოომაღაზიებში გაყიდვა და გარეული ცხოველების ცირკში გამოყენება აკრძალოს. RFI-ის (Radio France Internationale) ცნობით, ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობასთან ბრძოლის შესახებ კანონის მიღების პირობებზე შესაბამის შეთანხმებს პარლამენტის ორივე პალატის წარმომადგენლებმა მიაღწიეს. დოკუმენტის ავტორებმა და ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ამ მოვლენას „ისტორიული“ უწოდეს.

კატებისა და ძაღლების შინაური ცხოველების მაღაზიებში გაყიდვა კანონით 2024 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა აიკრძალოს. ინიციატორების განმარტებით, ასეთ მაღაზიებში ცხოველების შენახვის პირობები უკიდურესად არახელსაყრელია, ხოლო მომხმარებლების შესყიდვები ხშირად იმპულსურია.

ძაღლებსა და კატებს, როგორც ადრე, კვლავ თავშესაფრებში გადაიყვანენ, ხოლო მათი შეძენა სპეციალური ვებგვერდებით იქნება შესაძლებელი, რომელთა მუშაობაც მკაცრად გაკონტროლდება. გარდა ამისა, შინაური ცხოველის აყვანამდე მეპატრონემ შესაბამისი „ცოდნის სერთიფიკატი“ უნდა აიღოს. ეს წესი მეპატრონეებს პირველ ეტაპზევე გაფილტრავს იმ ადამიანებისგან, რომელთა ცხოვრების წესი ან ფინანსური მდგომარეობა შინაური ცხოველის ყოლის საშუალებას არ იძლევა. ცხოველის აყვანა შესაძლებელი იქნება არა უადრეს 7 დღისა მას შემდეგ, რაც სერტიფიკატის მიმღები პირი კატის ან ძაღლის ყიდვას გადაწყვეტს. ამ დროებითმა „კარანტინმა“ უკვე მეორე ეტაპზე უნდა გაფილტროს მეპატრონეები იმ ადამიანებისგან, რომლებიც ცხოველს იმპულსურად ყიდულობენ და გადაწყვეტილებას სწრაფად იცვლიან.

ახალი კანონით, ასევე, ცოცხალი ცხოველების ფოსტით გადაგზავნა აიკრძალება. გაიზრდება ჯარიმები ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის. აქამდე ცხოველის მიმართ სისასტიკისთვის, თუ, მაგალითად, ის ქუჩაში „გადააგდეს," დამნაშავეს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 30 000 ევრომდე ჯარიმა ემუქრებოდა. მალე მსგავსი ქმედება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთითა და 75 000 ევრომდე ჯარიმით დაისჯება.

აკრძალვა მოიცავს გარეული ცხოველების „კომერციულ გამოყენებასაც.“ მათი შეძენა და მოშენება კანონის ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ, ცირკში „გამოყენება“ კი 7 წლის შემდეგ აიკრძალება. თუმცა კონკრეტულად მგლებისა და დათვების წვრთნა კანონის ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ, ხოლო დელფინებისა და სხვა ვეშაპისებრთა დელფინარიუმებში ყოლა 5 წლის შემდეგ აიკრძალება. კანონის ძალაში შესვლისთანავე, დაუყოვნებლივ აიკრძალება წაულას და სხვა ბეწვიანი ცხოველის მოშენება.

კანონპროექტს დეპუტატებმა 15 ნოემბერს უნდა უყარონ კენჭი, რის შემდეგაც ის კენჭისყრსთვის სენატს გადაეგზავნება. მთავრობის ვებგვერდზე წერია, რომ შერეულ შემათანხმებელ კომისიაზე მიღწეული კონსენსუსის საფუძველზე „კანონის უსწრაფესად მიღებისთვის გზა ხსნილია.“ კანონს საბოლოოდ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძე