2021 წლის 10 თვეში საქართველოს საზღვრიდან ჯანმრთელობისთვის საშიში 226 820 კილოგრამი კარტოფილი გააბრუნეს.
ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა კი თურქეთი იყო. ამის მიზეზი, ყველა შემთხვევაში, პროდუქტში ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენა გახდა.
ბოლო შემთხვევა დღეს მოხდა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფში“, თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი, 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული. უწყების ინფორმაციით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ (მონიტორინგის გეგმის შესაბამისად), კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ითვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.
ამასთან, მიმდინარე წლის 3 სექტემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, საერთო ჯამში, 49 220 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, დიდი რაოდენობით საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. შესაბამისად, აღნიშნული ტვირთები უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
26 აგვისტოს ექსპორტიორ ქვეყანას დაუბრუნდა 24 800 კილოგრამი კარტოფილი. მიზეზი აქაც, პროდუქტში საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენა გახდა.
ასევე, აგვისტოში, საბაჟო გამშვები პუნქტიდან „სარფი“, 52 000 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება გაბრუნდა. მიზეზი კვლავ ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები იყო.
მანამდე, ექსპორტიორ ქვეყანას საქართველოს საზღვრიდან 26 800 კილოგრამი კარტოფილი დაუბრუნდა, აქაც მიზეზი პროდუქტში მავნე ნივთიერებების აღმოჩენა იყო. 2021 წლის თებერვალში კი, საქართველოდან კარტოფილი მწარმოებელ ქვეყანას ორჯერ დაუბრუნდა, ერთხელ - 24 500 კილოგრამი და მეორედაც 24 500 კილოგრამი. ორივე შემთხვევაში პროდუქტში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.