ესპანეთის ყველა მოქალაქეს, რომლებმაც გასულ წელს, კორონაპანდემიის საგანგებო მდგომარეობის დროს ჯარიმები გადაიხადეს, თანხა აუნაზღაურდება. ინფორმაციას Associated Press ავცელებს.
წლის დასაწყისში ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ პირველი ლოკდაუნი არაკონსტიტუციურად ცნო, როცა 14 მარტიდან 21 ივნისამდე პერიოდში მთავრობამ ყველა მოქალაქე აიძულა, შინ დარჩენილიყო და ეკონომიკის დიდი ნაწილის პარალიზება მოახდინა, ხოლო შემთხვევების მატების გამო, ცენტრალურმა ხელისუფლებამ გასული წლის ოქტომბრის ბოლოდან მიმდინარე წლის მაისამდე კიდევ ერთი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პოლიციამ 1,1 მილიონი ჯარიმა აღრიცხა, რომლებიც მოქალაქეების მხრიდან სახლში დარჩენის წესისა და სხვა შეზღუდვების დარღვევებს ასახავს. ჯარიმების ნაწილი დღემდე გადაუხდელი რჩებოდა.
პანდემიის დაწყებიდან ესპანეთში კორონავირუსის, თითქმის, 5 მილიონი შემთხვევა და 87,000 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
ინფიცირების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 14 დღეში 43 ახალ შემთხვევამდე შემცირდა, რაც გასული წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ესპანეთის მოსახლეობის 78% სრულად ვაქცინირებულია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ