საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „არემჯის“ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

კომპანია „არემჯიმ“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე, ინოვაციური, სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი გახსნა.

კომპანიის ცნობით, საზეიმო ღონისძიებაზე „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ და სტუ-ს რექტორმა დავით გურგენიძემ მხარეებს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში განახლებულ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი. განახლებული გეგმა სტუდენტებისთვის არაერთი საინტერესო პროექტის შეთავაზებას ითვალისწინებს.

„განათლების ხელშეწყობა და სტუდენტური მხარდაჭერა ჩვენი კომპანიის CSR-პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ვფიქრობ, რომ სწორედ ის სასწავლებელია, რომელიც ყველა ჩვენთვის საჭირო პროფესიას აერთიანებს. მოხარული ვარ, რომ ახალი სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი ღია იქნება სხვადასხვა საფეხურზე მყოფი სტუდენტებისთვის, რომლებიც თეორიულ ცოდნასთან ერთად, ადგილზე განსხვავებულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს შეისწავლიან“,- განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „არემჯის“ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი სრულიად ახალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო პლატფორმაა. ცენტრი ბაკალავრის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს მისცემს საშუალებას, მაღალ ტექნოლოგიურ ბაზაზე იმუშაონ საკურსო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებზე. ასევე, ცენტრში არსებული მძლავრი პროგრამული ბაზა სტუდენტებს მისცემს საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, ვორკშოფებსა და ვებინარებში წარმატებული პოზიციონირების შესაძლებლობას.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „არემჯის“ ცხოვრებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ურთიერთთანამშრომლობა, რომელსაც მრავალი წელია ერთად ვემსახურებით. სწორედ სამთო ფაკულტეტის აღზრდილები არიან, ის ინჟინრები, ტექნოლოგები, რომლებიც ამ დარგს ემსახურებიან. ახალგაზრდები, დამსაქმებლები, უნივერსიტეტები ერთად ეწევიან იმ შრომას, რომელსაც შემდგომში მათ დააყენებს იმ გზაზე, რომელსაც ჰქვია ქვეყნების განვითარება“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

ტექნოლოგიების ცენტრში პერიოდულად ლექციებს და სემინარებს გამართავენ „არემჯის“ მენეჯერები და სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები, ასევე მოწვეული ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები.

კომპანიის ცნობით, სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრი, „არემჯისა“ და ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია და ის საქართველოში სამთო-გეოლოგიის მიმართულების განვითარებას ისახავს მიზნად.