გამყრელიძე - სავალდებულო ვაქცინაცია გადასაწყვეტად რთული საკითხია, ვფიქრობ, განხილვის საგანი გახდება

ზოგადად, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მარტივი არ არის, გადასაწყვეტად რთული საკითხია, ვფიქრობ, განხილვის საგანი გახდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, განსაკუთრებით პედაგოგები მოითხოვენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო იყოს.

„გვეუბნებიან, რატომ არ ხდით ვაქცინას სავალდებულოს. განსაკუთრებით მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ თუ სავალდებულო გახდება, აიცრებიან. მოგეხსენებათ, ეს საკითხი შემდგომში განიხილება. პრემიერი იღებს გადაწყვეტილებას, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეა. ზოგადად, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მარტივი არ არის, მოგეხსენებათ, ეს ბევრმა ქვეყანამ ვერ განახორციელა. ზოგმა კი, თუმცა, ბევრმა ვერა. ზოგი ფიქრობს, რომ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებებთან და ასე შემდეგ. რთული საკითხია გადასაწყვეტად, ვფიქრობ, რამდენიმე განხილვის საგანი გახდება“, - აღნიშნავს გამყრელიძე.