ნოდარ კერესელიძე საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმს დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმს დაესწრო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ტაავი რიივასის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმი, რომელიც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, ტაავი რიივასმა გახსნეს.

ბიზნესფორუმის ძირითად თემებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისება და საქართველოში არსებული სტაბილური საინვესტიციო გარემო წარმოადგენდა. საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე საქართველოს ეკონომიკის ძირითად მიმართულებებზე (სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა) იმსჯელეს. ფორუმზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის სექტორში საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მინისტრის მოადგილემ ესტონელ ბიზნესმენებს სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული პერსპექტივები და სტრატეგიული ხედვები გააცნო.

,,ესტონეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა, რომელიც ბევრი მიმართულებით საქართველოს მხარდამჭერია. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. ევროინტეგრაციის გზაზე ესტონეთის მხარდაჭერა და მათი გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველო ესტონეთის მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს. მჭიდრო ურთიერთობაა სამინისტროების დონეზეც. ესტონურ მხარესთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ქართველი სპეციალისტები სამუშაო და სასწავლო ვიზიტებით ესტონეთში არაერთხელ იმყოფებოდნენ.

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ბიზნესფორუმების გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორთა ინფორმირებულობისთვის, საქართველოში საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მათი ცნობადობის ამაღლებისთვის.

ფორუმში ქართული და ესტონური მხრიდან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის 120-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.