Walmart-ის ქსელში ბიტკოინის ბანკომატები დაამონტაჟეს

ამერიკული სუპერმარკეტების ქსელ Walmart-ის მაღაზიებში სპეციალური ტერმინალები გამოჩნდა, რომლის დახმარებითაც მომხმარებლები ბიტკოინის შეძენას შეძლებენ. ქსელში სულ 200 ტერმინალია განთავსებული. ამის შესახებ გამოცემა CoinDesk-ს კომპანია Walmart-ის კომუნიკაციების დირექტორმა, მოლი ბლეიკმანმა განუცხადა.

ტერმინალის აპარატები კომპანია Coinstar-მა დაამზადა, რომელიც კუპიურებზე მონეტების გადაცვლის ბანკომატების წარმოებით არის ცნობილი.

ბიტკოინის შესაძენად მომხმარებელმა ტერმინალში ჯერ კუპიურა უნდა ჩადოს, შემდეგ ის მიიღებს ქაღალდის კუპონს კოდით, რომლითაც CoinMe საფულის ვებსაიტზე უნდა დარეგისტრირდეს და ვერიფიკაცია გაიაროს. ვერიფაციის შედეგად მომხმარებელი კუპონის გამოყენებას შეძლებს. CoinDesk-ის თანახმად, ბიტკოინის ყიდვის დროს ტერმინალი 4%-იან საკომისიოს იღებს, რასაც ანგარიშსწორების 7%-იანი საკომისიოც ემატება.

Walmart აშშ-ში ყველაზე დიდი, თუმცა არა პირველი საცალო მოვაჭრეა, რომელიც მომხმარებელს კრიპტოვალუტის შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს. გაზაფხულზე, ფლორიდაში ბიტკოინის 300 ტერმინალი Winn-Dixie-ის, Fresco y Más-ისა და Harveys-ის მაღაზიებშიც გამოჩნდა.

სექტემბერში Walmart კრიპტოვალუტის თაღლითობის მსხვერპლი გახდა. უცნობმა პირებმა კომპანია GlobeNewswire-ის პრესრელიზების ვებგვერდზე ყალბი პრესრელიზი გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქსელი შესყიდვებისთვის გადახდის სახით Litecoin-ის მიღებას აპირებდა. მას შემდეგ, რაც რელიზი რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა, ციფრული მონეტის ფასი მაშინვე 20%-ით გაიზარდა.

19 ოქტომბერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა აშშ-ში ბიტკოინის ფიუჩერსების პირველი საბირჟო ფონდის, Bitcoin Strategy-ის მონაწილეობით დაიწყო. ინვესტორების გაზრდილი ინტერესის ფონზე, გასულ კვირას ბიტკოინის ფასმა მორიგი რეკორდი დაამყარა და 66 100 დოლარს გადააჭარბა, თუმცა კვირის ბოლოს, თითქმის, 5%-ით შემცირდა და პარასკევს, 22 ოქტომბერს 63 300 დოლარი შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ