ეპიდემიური სიტუაცია არის საკმაოდ რთული, შემთხვევების რაოდენობა მაღალია

ეპიდემიური სიტუაცია არის საკმაოდ რთული. შემთხვევების რაოდენობა მაღალია, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი იყო დაბალი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იქ, სადაც ვაქცინაცია უკეთესად განხორციელდა, ეპიდემიური სიტუაცია შედარებით უფრო სტაბილურია.

„თბილისში, ბათუმში - სადაც ვაქცინაცია უფრო მეტად განხორციელდა, ინფექციის გავრცელების ტემპი დაბალია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ინფექციის შეჩერების მთავარი ბერკეტი არის აქტიური ვაქცინაცია.

სამწუხაროდ, გუშინ კვირა დღე იყო და 1000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი აიცრა, ეს საგანგაშო მაჩვენებელია და ამ მხრივ ვგეგმავთ როგორც მარათონის გააქტიურებას, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მუშაობას, რათა ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე და მათ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება ვაქცინაციის თაობაზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ სეზონური გრიპის შესახებ გააკეთა კომენტარი.

„ასევე მოსალოდნელია გრიპის ვირუსის ცირკულაციის გააქტიურება. ნოემბერი-დეკემბრის პერიოდი ისედაც ცნობილია გრიპის შემთხვევების მატებით. აქაც გამოსავალი არის რეგულაციების დაცვა, პირადი დაცვის საშუალება, პირბადე და ვაქცინა. გრიპის აცრა შემოტანილია ქვეყანაში და მაღალი რისკის მქონე პირების ვაქცინაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე ახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უფრო სწრაფი ტემპით განხორციელება, რაც არის ჩვენთვის ყველაზე ქმედითი დაცვა ინფექციისგან“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ახალი შტამის გაჩენის რისკი ყოველთვის არსებობს.

„ახლა გაჩნდა ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ, რომელსაც უფრო სწრაფი გავრცელება ახასიათებს. შესაძლოა, ის უფრო მეტად დამაზარალებელიც იყოს. ამასთან დაკავშირებით, ჯანმოს რეკომენდაციებს ველოდებით, მაგრამ რაც არ უნდა ვარიაცია და შტამი იყოს, ვაქცინა ნებისმიერ შემთხვევაში რჩება დაცვის მთავარ საშუალებად“, - განაცხადა გაბუნიამ.