ბესარიონ სიმონიშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტში დევნილებთან შეხვედრა გამართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ვალერიან მჭედლიძესთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დევნილ ოჯახებს შეხვდა.

დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, ბესარიონ სიმონიშვილი დასახლებებში არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათი გადაჭრის გზები დევნილებთან ერთად განიხილა.

„ახალსოფელში მცხოვრები დევნილების მთავარ პრობლემას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაკანონება წარმოადგენდა. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მთავრობის განკარგულება უკვე გამოიცა და იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცათ.

შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს სააგენტოს პროგრამების შესახებ, რომლებიც დევნილების დასაქმების, თვითდასაქმების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.