CNBC - წელს შამპანურის გაყიდვები მსოფლიო მასშტაბით 305 მილიონ ბოთლს მიაღწევს

შამპანურის გლობალური გაყიდვები ისევ ისე იზრდება, როგორც კოვიდპანდემიამდე. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC მეღვინეების გენერალური სინდიკატის (General Syndicate of Champagne Winegrowers) ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, გლობალური ბაზრების თანდათანობითი გახსნა მიმდინარე წელს შამპანურის გაყიდვებს მსოფლიო მასშტაბით 305 მილიონ ბოთლამდე გაზრდის. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 307 მილიონ ბოთლს შეადგენდა.

„მრავალი თვის განცალკევების შემდეგ, ხალხი წვეულებებისთვის ისევ მზად არის. ადამიანებს აქვთ უნარი, თავიანთ ცხოვრებაში წვრილმანი მოვლენაც კი დღესასწაულით აღნიშნონ,“ - აცადებს აშშ-ს Champagne Bureau-ს პრესმდივანი, ნატალი პავლატოსი.

შამპანურის სახლებისა და მწარმოებლების სავაჭრო ასოციაცია Comite Champagne-ის მონაცემებით, გასულ წელს გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 18%-ით შემცირდა და 4,8 მლრდ დოლარი შეადგინა, გლობალურ ექსპორტზე კი 244 მილიონი ბოთლი დაფიქსირდა. გასულ წელს სექტორმა 980 მლნ დოლარი იზარალა.

„წელს ცქრიალა ღვინის გაყიდვების სრული სურათი მადლიერების დღიდან ახალი წლის ღამემდე პერიოდში გამოჩნდება,“ - აცხადებს ნატალი პავლატოსი. თუმცა მის ბიუროს უკვე აქვს ზოგიერთი მწარმოებლის მონაცემი, რომ გაყიდვები შარშანდელ ნიშნულს უკვე გადაცდა, ხოლო ზოგიერთ ბაზარზე პანდემიამდელ ტემპს გადაუსწრო.

„ასე რომ, ჩვენ შესაძლოა, არამხოლოდ ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდეთ, არამედ 2019 წელზე უკეთესი წარმადობა გვქონდეს,“ - ამბობს პავლატოსი.

2019 წელს შამპანურის სახლებმა მსოფლიო მასშტაბით 297,6 მილიონი ბოთლი გამოუშვეს, რაშიც ლომის წილი აშშ-ს ბაზრისთვის იყო განკუთვნლი და ის 753 მლნ დოლარზე მეტად იყო შეფასებული.

წელს შამპანურის უფრო მაღალ გაყიდვებზე ლონდონში დაფუძნებული კომპანია IWSR Drinks Market Analysis-იც მიუთითებს.

„გასულ წელს ეს კატეგორია, თითქმის, 18%-ით შემცირდა მაშინ, როცა 2019 წლეს სულ 2%-იანი კლება ჰქონდა,“ - ნათქვამია IWSR-ის სასმელების ბაზრის ანალიზის მონაცემებში.

ჯგუფი მოელის, რომ მიმდინარე წელს შამპანურის გლობალური მოცულობა, დაახლოებით, 4%-ით გაიზრდება და ანალოგიური წლიური ზრდა 2025 წლამდე შენარჩუნდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ