გაერო - ავღანეთს საკვებთან დაკავშირებული უიმედო კრიზისი ემუქრება

მილიონობით ავღანელი ამ ზამთარს შიმშილის წინაშე აღმოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ამის აღსაკვეთად გადაუდებელი ზომების მიღება არ მოხდება, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) განცხადებაშია აღნიშნული.

კერძოდ, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბაზლის განცხადებით, ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, დაახლოებით 22.8 მილიონ ადამიანს, საკვების მწვავე ნაკლებობა ემუქრება, 5 წლამდე ასაკის 3.2 მილიონ ბავშვს კი - არასაკმარისი კვება.

"ავღანეთში ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი მძიმე, ან, შესაძლოა, უმძიმესი - ჰუმანიტარული კრიზისია. კატასტროფისკენ მივდივართ და თუკი ახლავე არ ვიმოქმედებთ, ხელში ნამდვილი უბედურება შეგვრჩება“, - აღნიშნა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სექტემბერში საერთაშორისო საზოგადოებამ ავღანეთისთვის დახმარების სახით მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის პირობა დადო, თუმცა მსოფლიო სასურსათო პროგრამაში აცხადებენ, რომ ეს ზღვაში წვეთია და მდგომარეობის გამოსასწორებლად თვეში დაახლოებით 220 მილიონი აშშ დოლარია საჭირო.