დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში პირველად მოლდოვამ რუსულ გაზზე უარი თქვა და ბუნებრივი აირი ალტერნატიული მიმწოდებლისგან შეიძინა. მიწოდება უკრაინის გავლით განხორციელდება. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დღეს მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყნის ისტორიაში პირველად ბუნებრივი აირი ალტერნატიული წყაროდან შეიძინა. მოლდოვის სახელმწიფო კომპანია Energocom-მა კონტრაქტი პოლონურ კომპანია PGNiG-თან მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენაზე გააფორმა,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის ოცდაათი წლის განმავლობაში, მოლდოვა გაზს ექსკლუზიურად რუსულ მიმწოდებელ „გაზპრომისგან“ ყიდულობდა.
Energocom-ის ღია ტენდერში 7 კომპანია მონაწილეობდა, რომელშიც PGNiG-მა გაიმარჯვა.
26 ოქტომბრის 6:00 საათიდან მოლდოვაში გაზის მიწოდება, 24 საათის განმავლობაში, ალექსეევკას გაზგასამართი პუნქტიდან დაიწყება. ეს მოლდოვის საზღვარზე, ჩერნოვიცის რეგიონში გაზის უკრაინული საზომი პუნქტია.
„გაზის წნევის მისაღებ დონეზე შესანარჩუნებლად და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, Energocom-მა გაზი საბაზრო ფასში და აუქციონის დროს შეთავაზებულ ყველაზე დაბალ ფასად შეიძინა,“ - აცხადებენ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ენერგეტიკის სფეროში არსებული ვითარების გამო, მოლდოვას მთავრობამ 22 ოქტომბერს 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ კიევში, მოლდოველ კოლეგასთან, ნიკოლაე პოპესკუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა გაზის მიწოდების საკითხებში მოლდოვასთან ითანამშრომლებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ