დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „დელტა+“-ის მსგავსი, თუმცა, სხვა გენეტიკური ვარიანტის მქონე კორონავირუსის ახალი შტამის რუსეთში გავრცელების გამო, ჯერჯერობით, საბჭოს საზღვარზე დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებთან დაკავშირებით არ უმსჯელია. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ლუგარის ლაბორატორია ნიმუშებს მუდმივ რეჟიმში სწავლობს. სხვადასხვა კლინიკიდან ვიღებთ ნიმუშებს და შერჩევითად, რა თქმა უნდა, ვსწავლობთ მათ გენეტიკურ ცვლილებებს, მუტაციებს და ვაკვირდებით. ყოველდღიურად მაქვს ინფორმაცია ლუგარიდან ხომ არ გამოვლიდა რომელიმე ატიპიური მუტაცია, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს ახალ შტამებთან. ჯერჯერობით, არ არის. ამ ეტაპზე არ ყოფილა მსჯელობა დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებთან დაკავშირებით. საბჭოზე ვაქცინაციის ყოველმხრივ გააქტიურებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. გავრცელების საშიშროება და ალბათობა არის. რაც მეტი იმუნური ფენით შევხვდებით ამ ახალ შტამს, მით ნაკლებად დაგვაზიანებს. ჯერჯერობით, ყველა ის ვაქცინა, რომელიც ჩვენთან არის ან ადმინისტრირდება მსოფლიოში, ამ შტამების მიმართ აქვს დამცველობითი უნარი. ამიტომ, მოგიწოდებთ, დროულად აიცრათ ორივეზე როგორც კოვიდზე, ისე გრიპზე. მაშინ უფრო ნაკლებად მოწყვლადი ვიქნებით ამ ახალ შტამებზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.