ყველაზე მაღალი რისკის შემცველი პროდუქტები

რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში ნაყიდი საკვები პროდუქტი?

”დეზერტირების ბაზრის” მიმდებარე ტერიტორიაზე სახელდახელოდ გაშლილი დახლებიდან გარემოვაჭრეები გამვლელებს ბოსტნეულს, დაკლულ „სოფლის დედალს,“ კვერცხსა და რძის ნაწარმს სთავაზობენ... „ბიჭი, ამაზე უკეთეს ”იმერულს”, აქანა ვერსად ნახავ. აგერ, გამისინჯე და მერე სხვისგან აღარ შეიძენ...“ - ჯიუტად აძალებდა ასაკოვანი ქალბატონი ახალგაზრდა წყვილს ყველის გასინჯვას და ცელოფანმომარჯვებული, მეორე ხელით სასწორს ეძებდა. მის გვერდით მდგარი ქალბატონი კი „სოფლის კვერცხს“ უკეთებდა რეკლამას. „იმისთანა დედლების დადებულია ეს კვერცხი, ამის მყიდველს უკეთესზე უკეთესი 2015 წელი ექნება, რამდენი გინდათ?“ - უქებდა დასვრილ კვერცხებს მუშტარს.

არასათანადო პირობების მიუხედავად, ასეთ ადგილებს მომხმარებელი მაინც ჰყავს. რამდენად უსაფრთხოა ქუჩაში ნაყიდი საკვები პროდუქტი? ამაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა იმის გამო, რომ ასეთ ადგილებში გასაყიდად გამოტანილი პროდუქცია, ბევრად იაფია, ვიდრე მარკეტებში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მაინც აქ ურჩევნია მისი შეძენა. არადა, ასეთ ადგილებში შეძენილი საკვებით, საფრთხის ქვეშ ვაყენებთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ოჯახის წევრებს. BPN-მა, ყველაზე მაღალი რისკის შემცველი პროდუქტები, მომხარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორთან ერთად შეადგინა. ჩამონათვალი ისეთი პროდუქტებისგან შედგება, რომლებსაც თითქმის ყოველდღიურად მოვიხმართ, მაგრამ შედეგზე ხშირად არ ვფიქრობთ.

ლია თოდუა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორი: „ყველაზე მაღალი რისკის შემცველ პროდუქტებად მიიჩნევა ცხოველული წარმოშობის საკვები, რადგან მალფუჭებადი პროდუქტებია. გარდა ამისა, ისინი შეიძლება შეიცავდნენ სხვადასხვა დაავადებათა გამომწვევებს, კუჭ-ნაწლავის დამაზიანებელ ან გამაღიზიანებელ მიკრობებს. პირველი, რასაც ყველაზე ხშირად მოვიხმართ, ეს არის საქონლის ხორცი. საბედნიეროდ საქართველოში მოგვარდა სასაკლაოების საკითხი და მსხვილფეხა საქონელი ძირითადად იკვლება სასაკლაოებზე, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც საქონელს კლავენ სასაკლაოს გარეთ და მაინც ხვდება სამომხმარებლო დახლზე. ერთადერთი, რითაც შეიძლება დავიცვათ საკუთარი თავი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, იქ უნდა შევიძინოთ ხორცი, სადაც ზუსტად ვიცით, რომ ლეგალურად დაკლული საქონელი ექნებათ მიღებული. უფრო სასარგებლოა ნედლი ხორცი, ვიდრე გაყინული, თუმცა დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ გაყინული ხორცი უფრო უვნებელია, მაგრამ ნაკლებად სასარგებლო. მეორე პრობლემაა ღორის ხორცი. საქონლის სასაკლაოებისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის მოგვარებული ღორის სასაკლაოს საკითხი, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მართებს საზოგადებას ამ პროდუქტის შეძენისას და მოხმარებისას. ღორის ხორცი სათანადოდ უნდა დავამუშაოთ თერმულად, რათა ტრიქინელოზი არ დაგვემართოს. ეს არის ჭია, რომელიც შეიძლება იყოს ღორის კუნთებში და საკმაოდ რთული პარაზიტული დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ღორის ხორცი კარგად არ არის თერმულად დამუშავებული და მას აქვს ტრიქინელოზი, ეს ჭია ჩვენს ორგანიზმშიც განვითარდება. მას შეუძლია დააზიანოს ღვიძლი, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ როგორც შემწვარ, ისე მოხარშული ხორცის თერმულ დამუშავებას. იმის გამო, რომ ქართველებს ძალიან გვიყვარს წვნიანი მწვადი და კატლეტი, ამაზე უარი უნდა ვთქვათ და დიდხანს უნდა შევწვათ ორივე პროდუქტი, რათა თერმულად დამუშავდეს. მოხარშვის შემთხვევაში, ღორის ხორცის მიღება უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, შაურმაა. ამ შემთხვევაშიც ხორცის ბოლომდე თერმულად დაუმუშავება ვერ ხდება. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემაა საშაურმეებში ჰიგიენის ნორმების დაცვა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შაურმით მოწამვლის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ამის გამომწვევი მიზეზი სტაფილოკოკური ინფექცია იყო. ამ ინფექციის გავრცელების მიზეზი კი შეიძლება გამხდარიყო, გაჭრილი ხელი, ჩიქროვანი წარმონანქმნი და ა.შ. რაც შეეხება ფრინველს ხორცს, ევროპისგან განსხვავებით, საქართველოში, სამწუხაროდ სალმონელოზი აღმოფხვრილი არ არის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია კვერცხი გავრეცხოთ საპნით და ისე გამოვიყენოთ. თუ გაურეცხავ კვერცხს შევეხებით, ის ხელი აღარ უნდა შევახოთ არც მწვანილს და არც პურს, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ პროდუქტებზე სალმონელოზის ჩხირები გადავიდეს. იგივე უნდა გავითვალისწინოთ უმი ქათმის ხორცთან შეხების შემთხვევაშიც. ფრინველის ხორცი და კვერცხი გარედან, დიდი ალბათობით სალმონელოზით არის დაბინძურებული, ხოლო მისი მოხარშვის შემთხვევაში ამ ჯგუფის ჩხირები ადვილად კვდება.

რაც შეეხება კვერცხის ნაწარმს და კრემიან ნამცხვრებს, ამ შემთხვევაშიც დიდი დაკვირვება მართებს მომხარებელს. ნამცხვრის კრემი კარგი გამრავლების ადგილია ბაქტერიებისთვის. განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება უმ ბეზეზე. ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი რაც ამ შემთხვევაში მომხმარებელს აქვს ის არის, რომ ნამცხვარი უნდა შევიძინოთ ისეთ ადგილას, სადაც დაწრმუნებული ვართ, რომ მეწარმე ჰიგიენას იცავს. იმ შემთხვევაში, თუ ცილა კვერცხის ნაჭუჭის გარე ფენას შეეხო, დიდია რისკი, რომ ცილის დაბინძურება მოხდეს სალმონელოზით. ასე, რომ მომხმარებელი განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდეს უმი ბეზეს საკვებად მიღებისას. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ზაფხულში, თუმცა უმი ბეზეთი გაფორმებული ნამცხვარი, ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთნაირი რისკის შემცველია.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მომხმარებლის ყურადღებას გავამახვილებ, სწრაფი კვების ობიექტები და იქ მომზადებული საკვებია. სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ მრავალჯერ გამოყენებულ ზეთში მომზადებული საკვები, მავნებელია ადამინის ორგანიზმისთვის. არის შემთხვევები, როდესაც იწამლება ადამიანი და ამის მიზეზი სწრაფი კვების ობიექტში ნაყიდი პროდუქციაა. ამის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და მიზეზი კი, როგორც უკვე გითხარით, არის მრავალჯერ გამოყენებულ ზეთში მომზადებული საკვები, რომელიც კუჭ-ნაწლავის სერიოზულ გართულებებს იწვევს. მრავალჯერ გამოყენებულ ზეთში გროვდება კარცეროგენური ნივთიერებები. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ მზა სალათებს, განსაკუთრებით მაიონეზით დამზადებულს. ეს მალფუჭებადი პროდუქტია და ძალიან იოლია ამ პროდუქტით მოწამვლა. სამწუხაროდ, არც თუ იშვიათად ვლინდება ბოტულიზმის შემთხვევები. მისი გამომწვევი მიზეზი კი სახლში დამზადებული ბოსტნეულის კონსერვია. თუ ეს არის მოხუფული კონსერვები, აუცილებელ წესად უნდა ვაქციოთ ასეთი პროდუქტის 10-15 წუთით თერმულად დავამუშავება - ვხარშოთ ან ჩავშუშოთ”.

თორნიკე ყაჯრიშვილი