Carrefour-მა და Uber-მა პარიზში 15-წუთიანი მიწოდების სერვისი ჩაუშვეს

ამერიკული სამგზავრო აპლიკაცია Uber Technologies და ევროპის უმსხვილესი საცალო მოვაჭრე Carrefour პარიზში პროდუქტების მიწოდების ახალ სერვისს, Carrefour Sprint-ს აფუძნებენ. Reuters-ის ცნობით, ახალი შეთანხმებით ორმა კომპანიამ 18-თვიანი პარტნიორობა გააგრძელა.

Carrefour Sprint პარიზელებს სასურსათო პროდუქტების მიწოდების 15-წუთიან მომსახურებას Uber Eats-ის მობილური აპლიკაციის გამოყენებით სთავაზობს. პროდუქტებს ე.წ. ბნელი მაღაზიებიდან დაარიგებენ, რომლებიც მომხმარებლებისთვის დაკეტილია და იქ მხოლოდ მიწოდებისთვის განკუთვნილ, შეკვეთილ პროდუქტებს ამზადებენ. ეს მაღაზიები Carrefour-ის პარტნიორ კომპანია Cajoo-ს ეკუთვნის.

წლის დასაწყისში ფრანგული რითეილერი ახლადდაფუძნებული სტარტაპის, Cajoo-ს აქციათა მინორიტარული პაკეტის შეძენაზე დათანხმდა. Cajoo საფრანგეთში „ბნელი მაღაზიების“ მფლობელია. Reuters-ის შეფასებით, საცალო მოვაჭრეები და საკვები პროდუქტების მიმწოდებლები, როგორც წესი, აწყდებიან ინტენსიურ კონკურენციას ახალი, კარგად დაფინანსებული სტარტაპების მხრიდან, რომლებიც „ბნელი მაღაზიების“ ქსელს მართავენ და შეუძლიათ, აპლიკაციით შეკვეთილი სასურსათო პროდუქტები მომხმარებლებს კარის ზღურბლთან რამდენიმე წუთში მიუტანონ.

„ბოლო 18 თვის განმავლობაში ადამიანები სულ უფრო მეტად მოითხოვენ სწრაფ და საიმედო მიწოდებას. მხოლოდ ევროპაში პროდუქტების მიწოდებაზე მოთხოვნა სამნიშნა რიცხვით გაიზარდა,“ - აცხადებს Uber Delivery EMEA-ს რეგიონალური გენერალური დირექტორი, ევა ჰენრიქსონი.

Uber-ს და Carrefour-ს უკვე აქვთ 30-წუთიანი მიწოდების სერვისი მთელი საფრანგეთის მასშტაბით, რომლითაც სასურსათო პროდუქტებს მომხმარებლებს Uber-ის აპლიკაციით ხელმისაწვდომ Carrefour-ის 2000 მაღაზიიდან აწვდიან. ეს შეთანხმება კომპანიებმა გასულ წელს გააფორმეს. ორივე კომპანიამ, ასევე, ცალ-ცალკე გააფორმა ხელშეკრულება ბაზრის სხვა მონაწილეებთან, რათა მიწოდების სერვისი დაეჩქარებინათ. ასეთი კომპანიებია, მაგალითად, ბრიტანული Deliveroo და სუპერმარკეტების ფრანგული ქსელი, Casino.

რამდენიმე კვირაში Uber და Carrefour 15-წუთიან მიწოდების სერვისს პარიზის გარდა, საფრანგეთის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, ლიონში, ბორდოში, ტულუზაში, ლილსა და მონპელიეში გააფართოვებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ