„სესხი კიდევ გადავავადეთ“ - „იმედიანად აღარ ვართ განწყობილი, რომ ზამთრის სეზონი გამოგვივა“

„პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ჯავშნები თითქმის 100%-ით შემცირებულია“, - ამის შესახებ Hotel Mountain Mestia-ს მეპატრონემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა. საუბარია ობიექტზე, რომელიც, ამ დრომდე ინვესტორის მოლოდინშია, მყიდველის გამოჩენამდე კი საკუთარი ძალებით მუშაობის გაგრძელებას ცდილობს. როგორც ნათია ნაცარიშვილი ამბობს, იმის გამო, რომ სასტუმროს გაყიდვა ჯერ კიდე ვერ მოხერხდა, ხოლო ტურისტები საგრძნობლად შემცირებულია, სესხის გადავადება უკვე მეორედ მოუწია.

ცნობისთვის, Hotel Mountain Mestia რამდენიმე თვეა იყიდება, ამის მიზეზი პანდემიით მიყენებული ზარალია. როგორც ნათია ნაცარაშვილი ამბობს, ბანკის ვალი ერთხელ უკვე გადავადდა, ყოველ მომდევნოზე კი - 60 ათასი ლარი, პროცენტის სახით ემატება. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება რისკი, რომ სასტუმროსთან ერთად, მთელი ქონება დაკარგოს.

იმისთვის, რომ სასტუმრო არ გაყიდულიყო, ნათია ნაცარაშვილი ამბობდა, რომ მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობდა, პირველი, სახელმწფოს ჩართულობით ბანკთან შუამდგომლობა, რომ ვალის გადავადება პროცენტის დარიცხვის გარეშე მომხდარიყო და მეორე - უცხოელი ვიზიტორების წყალობით, სასტუმროს მთელი დატვირთვით ამუშავება.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უცხოელი ტურისტების ნაკლებობამ და დაბალმა ფასებმა, სასტუმროს ბედი ისევ ინვესტორების გადასაწყვეტი გახადა.

„ინვესტორები პერიოდულად მოდიან, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ სესხს ვერ აკეთებენ და ისევ ქრებიან. ამ დრომდე რეალური მყიდველი არ გამოჩენილა. ამიტომ, მოგვიწია სესხის მეორედ გადავადება და გაიზარდა 60 თასი ლარით. უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ გვქონდა.

რაც შეეხება ჯავშნებს, ადგილობრივი საერთოდ არ არის (განსაკუთრებით, რაც სკოლები დაიწყო), თუმცა წესით, ამ დროს უცხოელები ჩამოდიოდნენ ხოლმე. სამწუხაროდ, ახლა არავინ გვყავს. შემიძლია გითხრათ, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ჯავშნები თითქმის 100%-ით შემცირებულია. მხოლოდ ზამთრის ერთი ჯავშანი გვაქვს, ისიც ჩამოვლენ თუ არა, ზუსტად არ ვიცით. არადა, ნოემბრის პირველ რიცხვებამდე ვმუშაობდით უცხოელებზე. შესაბამისად, არც იმედიანად აღარ ვართ განწყობილი, რომ ზამთრის სეზონი გამოგვივა. უფრო, ზაფხულში გამოცოცხლდება, ალბათ. იმიტომ, რომ 2022 წლის მაისიდან ჯავშნები უკვე გვაქვს. მანამდე, არ ვიცით, რა იქნება“,- ამბობს ნათია ნაცარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ Hotel Mountain Mestia 2,9 მლნ ლარად იყიდება. სასტუმრო 3-სართულიანია და 21 ნომერია განთავსებული. დასაქმებული კი 14 ადგილობრივია.

ნინი ქეთელაური