„საქართველოს რკინიგზა“ - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი რკინიგზას ევროპულ სტანდარტებთან დააახლოებს

„საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში“ - ამ სახელწოდებით დღეს დისტანციურ ფორმატში ღონისძიება გაიმართა.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის გახსნის ცერემონიას „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, დაძმობილების პროექტის ლიდერები და მთავარი ექსპერტები დაესწრნენ. რკინიგზის გენერალური დირექტორი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

„დიდი ისტორიის მქონე საქართველოს რკინიგზა, დაარსების დღიდან, კერძოდ 1872 წლიდან ისწრაფვის სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების გაუმჯობესებისკენ. დაძმობილების პროექტი კი დიდ დახმარებას გვიწევს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით“, - განაცხადა დავით ფერაძემ.

აღნიშნული პროექტი, 2021 წლის მარტში დაიწყო და მისი მიზანია საქართველოს სარკინიგზო სექტორის შესაბამის ევროპულ სტანდარტებსა და რეგულაციებთან დაახლოებისა და საქართველოში რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა.