„ალბათ, ათეულობით მლნ ლარის პროდუქტი ჩაერთვება ამ სქემაში“ - რა მოდელით იმუშავებს სურსათის ბანკი

„თუ ვიანგარიშებთ იმას, რომ ერთი სავაჭრო ქსელის შემთხვევაში, რამდენიმე თვის განმავლობაში 3 მლნ ევროს პროდუქტის გადაყრა მოხდა, ალბათ, ათეულობით მილიონი ლარის პროდუქტი ჩაერთვება ამ სქემაში“, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სურსათის ბანკზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ინიციატივას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს, მისი ამოქმედება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება.

რაც შეეხება მოდელს, სურსათის ბანკის ფუნქციონირების პროცესში რამდენიმე რგოლი ჩაერთვება.

„საწყისი წერტილი არის სავაჭრო ქსელები, „ჰორეკა“ კვების ობიექტები და ვისაც აქვს სურვილი, რომ არ პროცესში მიიღოს მონაწილეობა, ისინი გაიღებენ ამ სასურსათო პროდუქტებს დონაციისთვის. შემდგომი რგოლი არის სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციები (ვფიქრობთ, რომ დამატებითი სტატუსი ამგვარი იქნება), რომლებიც ამ კუთხით ითანამშრომლებენ ბიზნეს ოპერატორებთან. ბენეფიციარები, რომელიც მიიღებენ ამ პროდუქტს და სახელმწიფო, რომელიც დაარეგულირებს, რომ ჯანმრთელობისთვის და სწორი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული ეს მოდელი.

საკანონმდებლო ინიციატივის შემდეგ, კონკრეტულ სტრუქტურებს დაევალებათ, რომ მიიღონ რეგლამენტები, ის აქტები, რომელიც დაარეგულირებს, რომელია მინიმალური რისკის მატარებელი პროდუქტები, რა შენახვის პირობები უნდა იყოს, ლოჯისტიკა რა პერიოდში უნდა განხორციელდეს, რა ვადაში უნდა მივიდეს საბოლოო ბენეფიციარამდე. მთლიანად ეს საკითხი კი, სახელმწიფოს დასარეგულირებელი იქნება.

ბიზნესოპერატორი არის სურსათის გამცემი, მიმღები არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც უკვე აკეთებს ლოჯისტიკას, რომ მივიდეს ბენეფიციარამდე. ახლა ეს პროდუქტი უბრალოდ იყრება“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივას ბიზნესის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. ამასთან, განიხილება საკითხიც, რომ მათ მიერ გაღებულმა პროდუქციამ, შესაძლოა, უფასო სასადილოების ხარჯებიც გამოათავისუფლოს.

„ჩემი საკანონმდებლო მუშაობის პერიდოში, ბიზნესის მხრიდან ამგვარი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა საკანონმდებლო ინიციატივას, იშვითად თუ მახსენდება. ნამდვილად მოითხოვენ გვიდგანან გვერდში, მხარს გვიჭერენ და მათი ჩართულობა არის ძალიან დიდი. ბიზნეს ასოციაციები იქნება ეს, თუ კონკრეტული ბიზნეს პირები.

თუ ვიანგარიშებთ იმას, რომ ერთი სავაჭრო ქსელის შემთხვევაში, რამდენიმე თვის განმავლობაში 3 მლნ ევროს პროდუქტის გადაყრა მოხდა, ალბათ, ათეულობით მილიონი ლარის პროდუქტი ჩაერთვება ამ სქემაში, და რა თქმა უნდა, მიმღებები, ვინც ამას საჭიროებენ.

თავის მხრივ, სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციები იქნებიან თავისუფალი ბენეფიციარების იდენტიფიცირებაში, თუმცა თვითონ ალბათ, პრიორიტეტს მიანიჭებენ სოციალურად დაუცველებს. სხვათა შორის, ერთ-ერთ მიმღებად მოვიაზრებთ მუნიციპალურ სასადილოებსაც. იმიტომ, რომ თქვენ იცით, მილიონობით ლარი იხარჯება მუნიციპალური სასადილოების ფუნქციონირებისთვის, შესაბამისად, თუ რაღაც პროდუქტის ნაწილში შეიძლება, რომ სავაჭრო ქსელები და სხვა ობიექტები ჩაენაცვლონ ამ ხარჯებს, ეს თანხები უკვე გამოთავისუფლდება და სხვა საჭიროების მიხედვით დახარჯავენ მუნიციპალიტეტები“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნინი ქეთელაური