მსუბუქ კერძო ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოწევა შესაძლოა, აიკრძალოს

მსუბუქ კერძო ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოწევა შესაძლოა, აიკრძალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა, რომლის განხილვაც პარლამენტში სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ დაიწყება.

ამასთან, კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, ასევე იგეგმება, რომ ტაქსებში მოწევა ყველა შემთხვევაში და ყველა პირობის გარეშე აიკრძალოს, რადგან გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ტაქსის მძღოლებიც შეწუხებული არიან, რომ მგზავრი ეწევა და პირიქით ხდება მგზავრის შემთხვევაში, თუ ტაქსის მძღოლი ეწევა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეზღუდვაზე „ბიზნესპრესნიუსი“ ჯერ კიდევ აპრილში წერდა. აღნიშნული ინიციატივა მაშინ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში იყო გაცხადებული.

როგორც დოკუმენტში იყო აღნიშნული, გამოკითხვებისა და ზეპირი მოსმენის დროს მიღებული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. მათ შორის, პარლამენტის დადგენილებაში საუბარია, იმაზე, რომ ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში თამბაქოს არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების აკრძალვის დაწესებაზე მსჯელობის დაწყება დროულია და მისი დაწესება გააძლიერებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებებს.

თაია არდოტელი