Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრლნ დოლარს მას შემდეგ გადააჭარბა, რაც მას ავტომობილების გამქირავებელმა კომპანია Hertz Global Holdings-მა 2022 წლის ბოლომდე 100 000 ელექტრომობილი შეუკვეთა. ბოლო მონაცემებით, Tesla 1,029 ტრილიონი დოლარი ღირს.
Tesla ტრილიონდოლარიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს, Apple-ს, Amazon-სა და Microsoft-ს შეუერთდა. გარიგების შემდეგ Tesla-ს აქციების ფასმა 1045 დოლარს გადააჭარბა, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე მათი ფასი 900 დოლარამდე დაეცა. ამჯერად აქციებზე ვაჭრობა 12.66%-იანი ზრდით დაიხურა და თითოს ფასმა, დაახლოებით, 1,024 დოლარი შეადგინა.
CNBC-ის შეფასებით, ძლიერმა გაყიდვებმა ევროკავშირში და ანალიტიკოსების ოპტიმისტურმა პროგნოზებმა Tesla-ს აქციების ფასი კიდევ უფრო გაზარდა. მაგალითად, კვირას ადამ ჯონასმა Morgan Stanley-იდან 900 დოლარამდე შემცირებული Tesla-ს აქციები თავის პროგნოზში 1200 დოლარამდე გაზარდა, რაც მეორე დღესვე, ორშაბათს გამართლდა კიდეც. იმავე ორშაბათს Jato Dynamics-მა გაავრცელა განცხადება, რომ Tesla-ს ელექტროსედანი Model 3 სრულად ელექტრონიზებული პირველი მანქანაა, რომელიც სექტემბერში, ევროპის ახალი ავტომობილების გაყიდვებში ლიდერობდა.
Bloomberg-ის მონაცცემებით, Hertz-თან გარიგება Tesla-ს 4,2 მლრდ დოლარს მოუტანს, რასაც სააგენტო ელექტრომობილების ყველაზე დიდ შესყიდვად აფასებს. Bloomberg, ასევე, იტყობინება, რომ მანქანების მიწოდება მომდევნო 14 თვის განმავლობაში იგეგმება, ხოლო აშშ-სა და ევროპის ზოგიერთ ნაწილში მომხმარებლებისთვის უკვე ნოემბრის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.
გარიგება ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ დაიდო, რაც Hertz-მა, კორონავირუსული პანდემიის პიკზე, გაკოტრებისგან დაცვის შესახებ განცხადება გააკეთა. მიმდინარე წელს Knighthead Capital Management-ისა და Certares Management-ის ინვესტორებმა განაცხადეს, რომ ისინი კომპანიას შეისყიდიან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ