“Frontera resources corporation”-ის ადვოკატი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების დედოფლისყაროში ყოფნასა და „ფრონტერას“ ქონების მითვისებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს

„Frontera resources corporation“-ის ადვოკატი კახა შარაბიძე აცხადებს, რომ კომპანია მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ საქართველოში საქმიანობა განაახლოს.

მისივე თქმით, დედოფლისწყაროში გარემოსდაცვითი და საოპერაციო პრობლემებია, რომელიც ყურადღებას მოითხოვს. ამ მიზნით, ნავთობის და გაზის სააგენტო და ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები დედოფლისწყაროში ჩავიდნენ, რათა ადგილზე, მოაგვარონ გარემოსდაცვითი და საოპერაციო პრობლემები.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ზაზა მამულაიშვილის განცხადება, რომ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები დედოფლისყაროში იმყოფებიან და „ფრონტერას“ ქონებას ითვისებენ სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, ზაზა მამულაიშვილი 2020 წლის აგვისტოს შემდეგ გათავისუფლებულია „ფრონტერას“ ნებისმიერ კომპანიაში დაკავებული თანამდებობიდან. ადვოკატის განცხადებით, „Frontera resources corporation“-ი ზაზა მამულაიშვილის წინააღმდეგ ამერიკასა და საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნას აწარმოებს.

„ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გარკვეულ კომუნიკაციაში ვართ. საკითხი უკავშირდება „Frontera resources corporation“-ის საქმიანობის განახლებას საქართველოში. ამ კონტექსტში, ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ ნავთობისა და გაზის სააგენტო, ნავთობის კოორპორაციასთან ერთად, ჩვენთან შეთანხმებით მიმართავს აუცილებელ ზომებს, რათა აღკვეთილი იყოს გარემოსდაცვითი პრობლემები, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას და შეიძლება საფრთხე შეუქმნას გარემოსდაცვითი პრობლემების წარმოქმნას. ამისთვის ჩვენთან შეთანხმებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის წამომადგენლები შესაბამის ღონისძიებებს მართავენ.

ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ განცხადებები გაუკეთებია ზაზა მამულაიშვილს. ზაზა მამულაიშვილი 2020 წლის აგვისტოს შემდეგ გათავისუფლებული იყო „ფრონტერას“ ნებისმიერ კომპანიაში დაკავებული თანამდებობიდან. მას არ გააჩნია უფლებამოსილება ისაუბროს „ფრონტერას“ სახელით ან გამოიყენოს „ფრონტერას“ სახელი რაიმე კომუნიკაციაში.

უფრო მეტიც, „Frontera resources corporation“-ი ზაზა მამულაიშვილის წინააღმდეგ აწარმოებს სისხლის სამართლებრივ დევნას ამერიკასა და საქართველოში. მას არ აქვს უფლება, რაიმე განცხადებები გააკეთოს „ფრონტერას“ სახელით“, - აღნიშნავს კახა შარაბიძე და დასძენს, რომ მას ამერიკის, ტეხასის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკრძალება გარკვეული მოქმედებების განხორციელება.