ილონ მასკის პირადი ქონება ExxonMobil-ის საბაზრო ღირებულებას აჭარბებს

CNN-ის ცნობით, ილონ მასკი 300 მლრდ დოლარის საკუთარი კაპიტალის მაჩვენებელს სწრაფად უახლოვდება, რადგან Tesla-ს საბაზრო ღირებულება უკვე ტრილიონ დოლარს გადასცდა. ტელეკომპანიის შეფასებით, მასკი პირადი ქონების მაჩვენებლით თავის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ კომპანია ExxonMobil-ს უსწრებს.

CNN-ს სააგენტო Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის რეიტინგი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, კვირის დასაწყისიდან ილონ მასკის პირადი ქონება 289 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც ExxonMobil-ის 272 მლრდ დოლარის საბაზრო ღირებულებას აჭარბებს.

„მასკი უკვე კოლეგა მეგა-მილიარდერებზეც ძვირი ღირს, როგორებიც არიან ბილ გეითსი და მარკ ცუკერბერგი ერთად აღებული,“ - იუწყება ტელეკომპანია, რომელიც Tesla-ს გენერალური დირექტორის ღირებულების ზრდას ორ მიზეზს უკავშირებს. პირველი ის არის, რომ ავტომობილების გამქირავებელმა Hertz-მა მასკის კომპანიას 100 000 ელექტრომობილი შეუკვეთა და მეორე, Morgan Stanley-ის გავლენიანმა საავტომობილო ანალიტიკოსმა, ადამ ჯონასმა Tesla-ს აქციები თავის პროგნოზში 1200 დოლარამდე გაზარდა, ხოლო ორშაბათიდან ეს აქციები 12%-ზე მეტად გაძვირდა.

„მასკი ბენზინისა და დიზელის მანქანების მძღოლების ელექტრომობილებზე გადაჯდომის ერთ-ერთი წამყვანი მხარდამჭერია, რაც ExxonMobil-ის გრძელვადიან პერსპექტივას საფრთხის წინაშე აყენებს,“ - იუწყება CNN.

ტელეკომპანიის შეფასებით, ამერიკის უმსხვილესი ნავთობკომპანია კლიმატური სტრატეგიის გამო ისედაც კრიტიკის ქვეშ არის, Tesla-ს საბაზრო ღირებულება კი უკვე უსწრებს მსოფლიოს 11 მსხვილი ავტომწარმოებლის ერთად აღებულ კაპიტალიზაციას. მაგალითად, Tesla ავტომწარმოებელ Toyota-ზე სამჯერ ძვირია, რომელიც 280 მლრდ დოლარის კაპიტალიზაციით მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანიაა.

წელს Exxon-ის აქციები, ნავთობის ფასების ზრდის გამო, თითქმის 60%-ით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ