მალაიზიური სტარტაპი ზეთის პალმებს დრონებით წამლავს

მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში დაფუძნებული სტარტაპი Poladrone ზეთის პალმის კულტურის ფერმებს პესტიციდებით დრონებისა და ავტომატიზირებული ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის კომბინაციით წამლავს.

კომპანია 2016 წელს ჩიონგ ჯინ სიმ დააარსა და მალაიზიის გარდა, ტაილანდშიც მუშაობს. კომპანია საქმიანობის გაფართოებას ინდონეზიაშიც გეგმავს, რომელიც მსოფლიოში პალმის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელია.

პალმებისთვის მარტორქის ხოჭო ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ხოჭოები მცენარეებს ზრდის ადრეულ ეტაპზე ესხმიან თავს, რაც ფერმის მოსავლიანობას ხანგრძლივი დროით პოტენციურად ამცირებს. მარტორქის ხოჭოები მუშახელის ჯანმრთელობაზეც ზემოქმედებენ, რადგან მცენარეებზე პესტიციდების ხშირი შესხმა ხდება აუცილებელი.

ჩიონგ ჯინ სიმ პორტალ TechCrunch-ს განუცხადა, რომ Poladrone მომგებიანი კომპანიაა, მაგრამ კოვიდპანდემიის შემდეგ ფინანსების მიზიდვა მაინც მოუწია. მალაიზიაში აქამდე გამართულ ყველაზე მსხვილ საინვესტიციო რაუნდზე, რომელსაც Wavemaker Partners ხელმძღვანელობდა, Poladrone-მა 4,29 მლნ დოლარი შეაგროვა. სხვა მონაწილეებთან ერთად, საინვესტიციო რაუნდში მალაიზიის ტექნოლოგიების განვითარების კორპორაციაც (MTDC) მონაწილეობდა, რომელიც ქვეყნის ეროვნული კეთიდღეობის ფონდს, Khazanah Nasional Berhad-ს სრულად ეკუთვნის.

Poladrone-ის დრონებზე მოთხოვნა პანდემიით გამოწვეულმა მუშახელის უკმარისობამაც გაზარდა და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სტარტაპის 20-კაციანმა გუნდმა წელიწადზე ნაკლებ დროში 80 კაცს გადააჭარბა. საინვესტიციო რაუნდიდან შემოსული თანხით კომპანია თანამშრომლების რაოდენობასა და ოპერაციების მასშტაბებს გაზრდის. ამასთან, იგეგმება სოფლის მეურნეობის რაიონებში ახალი სერვის-ცენტრების მშენებლობა, სადაც მომხმარებლები მოწყობილობებისა და სათადარიგო ნაწილების შეძენას შეძლებენ.

ჩიონგ ჯინ სი დრონებით პირველად ავსტრალიაში, მელბურნის უმაღლეს სკოლაში სწავლის დროს დაინტერესდა, რამაც მას საბოლოოდ აეროკოსმოსური ინჟინრის საუნივერსიტეტო ხარისხი მოუტანა. მალაიზიაში დაბრუნების შემდეგ, ჩიონგმა დრონების ტექნოლოგიის პოტენციური აპლიკაციების ძებნა დაიწყო, რა დროსაც მიხვდა, რომ „სოფლის მეურნეობაში ამის გაკეთებას მართლაც ჰქონდა აზრი.“ მისი თქმით, ამ სექტორში დრონები დიდი ტერიტორიების თავზე ფრენას და განმეორებითი ამოცანების შესრულებას ავტონომიურად ახორციელებენ, დრონებზე დამონტაჟებული კამერები კი დიდი რაოდენობის მონაცემებს აგროვებენ.

ზეთის პალმის 25-წლიანი სასიცოცხლო ციკლის პირველი სამი წლის განმავლობაში, მარტორქის ხოჭოები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. მათი შესევა ხეების ზრდას და სიმწიფამდე მიღწევას აფერხებს, აზიანებს და ზოგჯერ მცენარეს კლავს კიდეც.

„მკვდარი პალმების ადგილზე ახლის დარგვა შეუძლებელია და ეს სივრცეები შემდეგი 22 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლება, ამიტომ ზეთის პალმის დარგვიდან პირველი 2 წლის განმავლობაში, ყოველ ორ კვირაში მცენარეების პესტიციდებით პროფილაქტიკური შეწამვლა აუცილებელია, შემდეგ კი ეს მომწიფებამდე ყოველთვიურად უნდა გაკეთდეს,“ - ამბობს ჩიონგ ჯინ სი.

2020 წელს კომპანიამ Oryctes ჩაუშვა, რომელიც მალაიზიის ციფრული ეკონომიკის კორპორაციის (Malaysia Digital Economy Corporation) მხარდაჭერით, მარტორქის ხოჭოებისა და სხვა მავნებლების წერტილოვანი შესხურებისთვის შეიქმნა. გარდა ამისა, კომპანიამ ცოტა ხნის წინ Mist Drone გამოუშვა, რომელიც პესტიციდებს ღია მინდვრის კულტურებზე აფრქვევს, როგორიც არის ბრინჯი, სიმინდი და ბანანი.

ზეთის პალმის მეურნეობების უმეტესობა, რომელშიც Poladrone მუშაობს, საშუალო და დიდი ზომის, ანუ დაახლოებით 5000 ჰექტრისა და მეტი ფართობისაა. ჩიონგის მონაცემებით, ზეთის პალმის მეურნეობები მთელს მსოფლიოში 18,7 მილიონ ჰექტარ ფართობს მოიცავს, ხოლო Poladrone-ს მხოლოდ მალაიზიაში 4,2 მილიონი ჰექტრის მომსახურების ბაზარი აქვს, რომლის ღირებულებაც წელიწადში 1,3 მლრდ დოლარზე მეტს შეადგენს. კომპანია გაფართოებას სხვა სახის კულტურებზეც გეგმავს, როგორიცა არის ბრინჯი, სიმინდი და შაქრის ლერწამი.

თავისი პროდუქციის გაყიდვის გარდა, Poladrone-ის სერვის-ცენტრები, ასევე, რემონტს, ტრენინგსა და სემინარებს უზრუნველყოფენ, რაც დრონების უფრო ფართო გამოყენებას ისახავს მიზნად. ჩეონგის თქმით, Poladrone-ის აღჭურვილობის გამოყენებამდე მუშახელის ტრენინგს, ჩვეულებრივ, ერთი კვირა სჭირდება. დრონების მართვა სმარტფონებიდანაც არის შესაძლებელი.

„Poladrone მალაიზიაში პალმის ზეთის უმსხვილესი 10 მეურნეობიდან რვასთან თანამშრომლობს, რაც შთამბეჭდავი წარმატებაა. ეს გვაძლევს თავდაჯერებულობას, მხარი დავუჭიროთ გუნდს და მათ ხედვას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ,“ - აცხადებს ინვესტორი კომპანია Wavemaker Partners-ის გენერალური დირექტორი, გევინ ლი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ