თავისუფლების მოედანზე, სადაც "ქართული ოცნების” შემაჯამებელი აქცია უნდა გაიმართოს, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც ,,ქართული ოცნების” შემაჯამებელი აქცია უნდა გაიმართოს მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე უკვე მოწყობილია სცენა, სადაც მმართველი გუნდის ლიდერები აქციაზე სიტყვით გამოვლენ.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მმართველი გუნდის მხარდამჭერები შეკრებას 15:00 საათიდან დაიწყებენ. სიტყვით გამოსვლები კი 17:00 საათიდან დაიწყება.

თავისუფლების მოედნამდე მისასვლელი გზა გუშინ, ღამის საათებში გადაიკეტა.

თბილისის საკრებულოს წევრის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, „ქართული ოცნების” მხარდამჭერები მთელი საქართველოდან შეიკრიბებიან და იქნება მშვიდი აქცია, სადაც არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს დააფიქსირებენ.

„დღეს წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა იქნება, ჩვენი მხარდამჭერები შეიკრიბებიან მთელი საქართველოდან. ესენი არიან როგორც პარტიის აქტივი და მხარდამჭერები, ასევე მხარდამჭერები, რომლებსაც ქვეყანაში უნდათ მშვიდობა და განვითარება. 2024 წლამდე არჩევნები აღარ გვექნება, შესაბამისად, გვრჩება დრო განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. აქციაზე ველოდებით ძალიან ბევრ ადამიანს, რეგიონიდან ბევრი ადამიანი მოდის, თბილისიდანაც შემოგვიერთდებიან და იქნება მშვიდი აქცია, სადაც დავაფიქსირებთ ჩვენს აზრს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა აქცია მეტწილად საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული, ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი, რა დროსაც საჯარო მოხელეები სამუშაოზე იმყოფებიან.

,,აქცია არის 17:00 საათზე, ამ დროს საჯარო მოხელეები ფიზიკურად ვერ იქნებიან აქციაზე, რადგან სამუშაო საათებია. საჯარო მოხელეც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი”, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.