„არსებობს რისკი, რომ სეზონი ისევ ჩავარდეს“ - რა მოცემულობით ხვდებიან ზამთრის  სეზონს სამთო-სათხილამურო კურორტები

„არანაირი კონკრეტული მესიჯი არ ყოფილა ხელისუფლებისგან, რომ ზამთრის კურორტები აუცილებლად გაიხსნება. ოქტომბერი მთავრდება და ეს აქამდე უნდა ეთქვათ“, - ამის შესახებ, ტურისტული კომპანიის "ტრაფიკ თრეველის" მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ ,,რადიო პალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების ნაცვლად, სექტორს ხელისუფლებამ სწორი რეგულაციები უნდა დაუწესოს, რათა არ მოხდეს დიდი რაოდენობით ადამიანის კონცენტრაცია საბაგიროებთან.

„უკვე უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა, რომ ზამთრისთვის მოვიზიდოთ სტუმრები. მაგრამ ყველაფერი იწყება იმით, რომ კოვიდის გავრცელების კუთხით, ისევ მაღალი რისკის ქვეყანა ვართ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქვეყანამ წითელი ზონიდან უკვე ამოგვიღო, მაგრამ თუ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ისევ დავბრუნდებით უკან. ამიტომ, არსებობს რისკი, რომ სეზონი ისევ ჩავარდეს. არანაირი კონკრეტული მესიჯი არ ყოფილა ხელისუფლებისგან, რომ ზამთრის კურორტები აუცილებლად გაიხსნება. ოქტომბერი მთავრდება და ეს აქამდე უნდა ეთქვათ. აბსოლუტურად არასწორი იქნება, რამე ფორმით თუ ისევ შეეხებიან ზამთრის კურორტებს. უკვე ვნახეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაცული მიმართულება, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. იმედია, იმ ხალხმა, ვინც უნდა აიღოს სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობა კურორტების გამართულ მუშაობაზე, რამე მაინც ისწავლეს შარშანდელი გამოცდილებით და სწორ რეგულაციებს დააწესებენ, რათა არ მოხდეს ხალხის დიდი მასის კონცენტრირება საბაგიროებთან და არ წავლენ აკრძალვების გზით“- აცხადებს ჯაფარიძე.

მისივე თქმით, საქართველოს სამთო კურორტებისათვის ძირითადი მიზნობრივი ბაზარი ემირატები და სპარსეთი ყურის ქვეყნები უნდა იყოს.

„მთელს მსოფლიოში, კოვიდმა მოგზაურობის სტანდარტი შეცვალა. ადრე, თუ ჯავშნებს ვიღებდით 3-6 თვით ადრე, ახლა ჯავშნები მოდის ბოლო მომენტში. ეს არ ხდება მხოლოდ ჩვენთან, ასეთია ახლა სტანდარტი, რადგან ხშირად იცვლება ვითარება კოვიდის გამო. ჩვენი უმთავრესი ბაზარი კოვიდის პირობებში არის ქვეყნები, საიდანაც მოგზაურობა შედარებით მარტივია, არის პირდაპირი რეისები. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ემირატები და სპარსეთის ყურის ქვეყნებია. ეს არის ჩვენი მიზნობრივი ბაზარი, ამას სულ ვამბობ. ვინც ამ ქვეყნებში მუშაობს, აშშ-დან ევროპიდან და ა.შ და მოკლე ვიზიტებზე ვერ ახერხებენ დაბრუნებას სახლში იმიტომ, რომ შორი და ძვირია, ასეთი ადამიანებისთვის 3-საათიანი ფრენის მანძილზე რენტაბელური იქნება დასვენება დროის და თანხის მხრივ. იქ უნდა ხდებოდეს პოზიციონირება, რაც ახლა არ ხდება“- განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ ,,საქმეში“.

შეგახსენებთ, გასულ სეზონზე, სამთო-სათხილამურო კურორტებს გახსნის უფლება მხოლოდ 8 მარტს მიეცათ.

თამარ მუკბანიანი