კახა კალაძე - კიდევ ერთი პროექტი დავამთავრეთ - ეს არის ვაკის პარკის რეაბილიტაცია-განახლება

კიდევ ერთი პროექტი დავამთავრეთ - ეს არის ვაკის პარკის რეაბილიტაცია-განახლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევისა და ფუნქციური ზონირების საფუძველზე დაიწყო.

„ვინაიდან ვაკის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევებისა და ცვლილებების გარეშე ხორციელდება. ასეთი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია ვაკის პარკის დაარსებიდან არასდროს გაკეთებულა. როგორც ამ ქალაქის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ რიგით ადამიანს, მეამაყება. თითოეულ ადამიანს ყველაფერი საუკეთესო გვინდა ამ ქალაქისთვის და ეს პროექტები, დამოკიდებულება, რეაბილიტაცია, პარკების განახლება, მოწესრიგება, რეკრეაციული სივრცეების შექმნა არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, შვილების მომავლისთვის. ამით, რა თქმა უნდა, არ ვამთავრებთ. ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში - 15 პარკის განახლება-რეაბილიტაცია, აქედან 9 ახალი საქალაქო პარკი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოების ფარგლებში განახლდა ფურნიტურა და საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყო.

„ყოველთვის იყო პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ შშმ პირები ვერ ახერხებდნენ ვაკის პარკში გადაადგილებას. ასევე, ძალიან ბევრი მშობელი ვერ ახერხებდა ეტლით პატარა შვილების გასეირნებას. ეს პრობლემას წარმოადგენდა და ამ თვალსაზრისით, ეს ყველაფერი მოგვარებული და მოწესრიგებულია - შშმ პირებისთვის მოეწყო ადაპტირებული ბილიკები. ასევე, მოწყობილია საბავშვო მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებით და სკამებით. საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის სოკოები, ცხოველთა სასეირნო მოედანი, რომელიც ცალკე არის გამოყოფილი. ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა, სადრენაჟე სისტემა.

ცენტრალურ ჩამოსასვლელთან აღდგა ისტორიული შადრევანი, დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე, სრულად განახლდა მცენარეული საფარი, დაირგო სხვადასხვა სახეობის 5673 ძირი ბუჩქი და 1338 ძირი ხე. ამასთან, 80 000 კვ.მ.-ზე დაგეგმილია ბალახის ჰიდროთესვის პრინციპით დათესვა. ეს სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და გაზაფხულზე იქნება ულამაზესი და მოწესრიგებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მან ასევე სხვა რეკრეაციული ზონების რეაბილიტაცია დააანონსა. მისი თქმით, დაგეგმილია ვერის ბაღის რეაბილიტაცია, დიღმის ჭალების განახლება, თემქის ხევში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ვაკის პარკის განახლება იყო სამუშაოების პირველი ეტაპი და ვიწყებთ მეორე ეტაპს - ეს არის კასკადის განახლება და რეაბილიტაცია, რომელიც დღეს დანგრეული და გაუბედურებულია. ის მთლიანად იქნება მოწესრიგებული. სამუშაოები უკვე დაწყებულია. ამ პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება და მოპირკეთდება არსებული სივრცე. მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემა და იქნება როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. გვახსოვს, როგორი სილამაზე იყო, როდესაც წყალი ჩამოედინებოდა ამ კასკადზე. უახლოეს მომავალში ეს პროექტიც დასრულდება. ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ ამ სამუშაოებს ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.