Alphabet-ის კვარტალური შემოსავლები 41%-ით გაიზარდა

ამერიკული კორპორაცია Alphabet-ის შემოსავლები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ფინანსურ ანგარიშში წერია.

სამთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, Alphabet-ის შემოსავლებმა 65,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო სუფთა მოგებამ 18,9 მილიარდი დოლარი. CNBC-ის ინფორმაციით, კომპანიის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ის გენერალურმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ განაცხადა, კვარტალური შემოსავლები აჩვენებს, თუ როგორ ეხმარება ინვესტიციები სულ უფრო მეტი სასარგებლო პროდუქციის შექმნას როგორც კომპანიის კლიენტებისთვის, ასევე პარტნიორებისთვის.

კოკა კვირკველია