სომხეთის პოლიტიკურ ლანდშაფტს ცვლილებებს უწინასწარმეტყველებენ. მიზეზი კი მეწარმემ და მეცენატმა რუბენ ვარდანიანმა მისცა, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის რესპუბლიკას განვითარებაში დაეხმაროს. მიუხედავად იმისა, რომ 53 წლის ბიზნესმენი რომელიმე კონკრეტული პარტიის მიმართ სიმპათიას უარყოფს და უარს ამბობს მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე, მისი ბოლოდროინდელი განცხადებების სიხშირე, მის პოლიტიკურ ამბიციაზე მეტყველებს. ექსპერტულ სფეროში ვარაუდობენ - ვარდანიანის ფიგურის გამოჩენა მოწმობს, რომ სომხეთის პოლიტიკა, შესაძლოა "ქართული ვექტორით“ განვითარდეს.
ვარდანიანის კონცეფცია ითვალისწინებს იმ ძალებზე დაყრდნობას, რომლებიც "გაერთიანებული არიან არა პიროვნებებზე, არამედ იდეების გარშემო“.
"ჩემთვის არსებობდა არცახთან (იგივე ყარაბაღი) დაკავშირებული "წითელი ხაზი“. როცა დავკარგეთ არცახი - უფრო სწორედ, თითქმის დავკარგეთ (ჯერ არ დაგვიკარგავს, მაგრამ ახლოს ვართ), - არჩევანის წინაშე დავდექი. პირველ რიგში, ჩემს თავს ვუთხარი: რუბენ ვარდანიან, შენ შეგიძლია გააგრძელო ქველმოქმედება, საქმიანობა, წყნარად იცხოვრო შენს ოჯახთან მოსკოვში ან ლონდონში; ძველებურად მიხედო მეწარმოებას და იყო სომხური წარმოშობის ბიზნესმენი, მაგრამ შენთვის სომხეთის გვერდი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაფურცლო - მეთქი... მეორე ვარიანტი კი ასეთი მქონდა - აქტიური მონაწილეობა მიმეღო ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებში“, რაც სომხეთში ხდება".
ბიზნესმენი ახლა ზუსტად ამ სცენარს მიყვება, თუმცა ადამიანებს არწმუნებს, რომ არ არის დაინტერესებული პრემიერ - მინისტრის ან რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობით. ასევე არცერთი პოლიტიკური ჯგუფის წევრი არ არის. აღსანიშნავია, რომ არ ცდილობს მოქმედი პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ წასვლას და აცხადებს, რომ მასთან ზომიერი თანამშრომლობისთვის მზად არის.
ვარდანიანის პოლიტიკური პლატფორმის საფუძველი, სხვადასხვა ვარაუდებით, მის მიერ დაწყებული საზოგადოებრივი და საქველმოქმედო ინიციატივები იქნება. თუმცა არსებობს მცირე პრობლემაც: ის რუსეთის მოქალაქეა და ბიზნესის ნაწილიც რუსეთში აქვს. ამას კი პროგრესული სომხები ალმაცერად უყურებენ. ჟურნალისტებმა ამგვარი ვერსიაც განიხილეს, - ვაითუ, "მომავალი მესია“ რუსულმა სპეცსამსახურებმა გამოგვიგზავნეს და დათვია ჯიხვის ტყავშიო, თუმცა თავად მეწარმემ განაცხადა, რომ ადამიანები ბევრ უაზრო ვარიანტს განიხილავენ და მათ ურჩევნიათ ეძებონ შავი კატა ბნელ ოთახში.
ნევადის უნივერსიტეტის ექსპერტი რაფაელ ოგანესიანი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ სომხეთი "რაღაც დოზით ქართული პოლიტიკის პროგრესს მისდევს“, თუმცა ვაი, ჩვენს პროგრესს.
"თავიდან დიდ ყურადღებას არ ვაქცევდით ვარდანიანის განცხადებებს. ის ნამდვილად ახსენებდა პოლიტიკურ სცენაზე გამოსვლის ინიციატივას, თუმცა ამის არცერთ დეტალს არ ასახელებდა. მაგრამ ისიც თქვა, რომ არ იყო დაინტერესებული პრემიერობით ან პრეზიდენტობით. მიუხედავად ამისა, არ შემიძლია არ შევადარო მისი მოქმედებები ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში“, - ამბობს ოგანესიანი.
ანალიტიკოსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვაობები და ადგილობრივი სპეციფიკა, ორივე ბიზნესმენი პოლიტიკურ სცენაზე ხელისუფლების დიდი რყევების ფონზე გამოჩნდა.
"თუ საქართველოს შემთხვევაზე ვისაუბრებთ, კავკასიურმა ქვეყანამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში კრახი განიცადა“, - აღნიშნა ოგანესიანმა.
ექსპერტის აზრით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადა სავსე იყო თანამდებობის ბოროტად გამოყენების შემთხვევებით. გამომდინარე აქედან, ქვეყანაში სააკაშვილისა და მისი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ უკმაყოფილება გაჩნდა. ივანიშვილმა ამ გარემოებაში შესაძლებლობა დაინახა, გამოეყენებინა შანსი და დააარსა პარტია "ქართული ოცნება“.
ვარდანიანის მოსვლისთვის პოლიტიკური რომ ატმოსფერო არსებობს, ამაში ოგანესიანი დარწმუნებულია. ის გვახსენებს, რომ ცოტა ხნის წინ ფაშინიანის პარტიამ "სამოქალაქო შეთანხმება“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, მნიშვნელოვან ქალაქებში მარცხი განიცადა.
"სომხეთში მოსახლეობას მოთმინება ეწურება ფაშინიანის მმართველობის მიმართ, მითუმეტეს როცა ომის შემდგომ პერიოდზე ვლაპარაკობთ. ბუნებრივია, რომ ამომრჩევლის ნაწილი ჩამოშორდა ფაშინიანს, ვარდანიანის მოხშირებული განცხადებები კი სრულიად რაციონალურია“, - ასაბუთებს ექსპერტი.
აღსანიშნავია, რომ ვარდანიანი ივანიშვილის მსგავსად მსხვილი კალიბრის ბიზნესმენია, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ ქველმოქმედებას ეწევა, მეცენატობს და განსაკუთრებით დიდ ფინანსებს ხარჯავს ქვეყანაში განათლების სფეროს განვითარებაში. საინტერესოა, რომ სომხური მედიის ინფორმაციით, სწორედ ვარდანიანს აღუდგენია ძველ თბილისში, მეიდანთან მდებარე წმინდა გიორგის სახელობის სომხური ტაძარი.