მიხეილ ლომთაძე Forbes-ის შემდეგ მილიარდერების რეიტინგში Bloomberg-მაც შეიყვანა - რა ქონებას ფლობს ყველაზე მდიდარი ქართველი

ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Forbes-ის შემდეგ მილიარდერების რეიტინგში Bloomberg-მაც შეიყვანა.

ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 448-ე ადგილზეა და მისი ქონება 6.48 მლრდ დოლარს შეადგენს. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის ქონება. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რეიტინგში 6.05 მლრდ დოლარის ქონებით 491-ე ადგილზეა.

რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერების რეიტინგს, აქ მიხეილ ლომთაძე 6.3 მლრდ დოლარის ქონებით 482-ე ადგილზეა, ბიძინა ივანიშვილი კი 4.8 მლრდ დოლარის ქონებით 652-ე პოზოციაზე.

ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძეა Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში 2021 წლის აპრილში მოხვდა. იმ დროისთვის რეიტინგში ლომთაძე 804-ე პოზიციაზე იყო და მისი ქონება 3.8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. 2021 წლის აგვისტოში კი ლომთაძე 5.1 მლრდ ქონებით ბიძინა ივანიშვილზე მდიდარი ბიზნესმენი გახდა. შესაბამისად, Forbes-ის რეიტინგში დაწინაურდა და 804-ე პოზიციიდან 592-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

როგორც ცნობილია, “კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 2020 წლის ოქტომბერში „კასპიმ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO განახორციელა. ბირჟაზე გასვლისას “კასპის“ საბაზრო ღირებულება 6.5 მილიარდი დოლარი იყო, ერთი წლის თავზე კი კომპანია უკვე 27.71 მლრდ დოლარი ღირს.

მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ქ. ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.

ლომთაძე ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიურად არის ჩართული, ასევე ბევრ სოციალურ აქტივობებს ახორციელებს.

მიხეილ ლომთაძემ ბიზნესმოღვაწეობა საქართველოში დაიწყო, სადაც კონსალტინგური კომპანია „ჯი-სი-ჯი აუდიტი“ დააფუძნა და მისი ხელმძღვანელობა ითავა. 2002 წელს ეს კომპანია „ერსტ ენდ იანგის“ შემადგენელი ნაწილი გახდა.

2002 წლიდან მიხეილ ლომთაძემ რუსეთში, „ბეარინგ ვოსტოკ კეპიტალ პარტნერსში“ დაიწყო საქმიანობა, სადაც საინვესტიციო პროექტების მენეჯერის პოსტი დაიკავა, 2004 წლიდან ამ კომპანიის პარტნიორიც გახდა. 2003-2005 წლებში იყო ვენჩურული ინვესტირების რუსული ასოციაციის თავმჯდომარე. 2003 წლიდან ლომთაძე რუსეთის წამყვანი ლიზინგური კომპანია, „ეუროპლანის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, მოგვიანებით კი მისი თავმჯდომარე გახდა, ხოლო 2005 წლიდან – საბანკო პროგრამული მოწყობილობის წამყვანი კომპანია, „ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

„ბეარინგ ვოსტოკ კეპიტალ პარტნერსი“ დსთ-ის სივრცესა და რუსეთში საკმაოდ ცნობილი კომპანიაა, რომელიც პირდაპირი ინვესტიციების მართვის სფეროში მოღვაწეობს.

ყახაზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი – „კასპი ბანკი“ 1991 წელს შეიქმნა. თავდაპირველად, მისი სახელწოდება „ალ ბარაკა ყაზახსტანი“ იყო. 1997 წელს მან სახელი შეიცვალა და „კასპიისკი ბანკი“ გახდა. 2008 წლის 18 ნოემბრიდან ამ სტრუქტურაში კიდევ ერთხელ განხორციელდა რებრენდინგი და მას „კასპი ბანკი“ ეწოდა.

ლომთაძე ყაზახურ ბანკს Kaspi-ის 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. აღმასრულებელმა დირექტორმა ბანკში მისვლისთანავე ბევრი რეფორმა გაატარა, დაიწყო ინოვაციური ეკოსისტემის დანერგვა, რომელიც კლიენტს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ფინანსების განკარგვის გარდა, გადაიხადოს გადასახადები, შეიძინოს პროდუქცია ინტერნეტ-მაღაზიებში, შეადაროს ფასები ერთმანეთს და ისარგებლოს ლოიალურობის პროგრამით.

2009 წლიდან ბანკის მთავარი აქციონერი გახდა ჰოლანდიური კომპანია „კასპიან გრუპ ბ.ვ.“

ელზა წიკლაური