მოლდოვამ რუსეთის გარდა სხვა ქვეყნისგან ბუნებრივი აირი პირველად მიიღო. Euronews-ის ინფორმაციით, მოლდოვამ 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი პოლონური კომპანიის, PGNiG-ისგან მიიღო.
ოფიციალური კიშინოვის განცხადების თანახმად, ამ ნაბიჯით მოლდოვამ სცადა ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროები გამოენახა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება გაეზარდა. გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პროდასავლურმა კანდიდატმა მაია სანდუმ გაიმარჯვა, გაჩნდა საფრთხე, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის ფასის გაზრდით მოლდოვაზე ზეწოლის გაზრდას შეეცდებოდა.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა ევროპაში ენერგეტიკული რესურსების კრიზისია. რეგულაციების შემსუბუქებისა და ეკონომიკური აქტივობის განახლების შედეგად კონტინენტზე ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზარდა, რამაც მარაგების შემცირება და ფასის ზრდა გამოიწვია.