Huawei-ისგან გამოყოფილმა Honor-მა უცხოური ბაზრისთვის პირველი სმარტფონი წარადგინა

ჩინურმა Honor-მა უცხოური ბაზრისთვის თავისი პირველი სმარტფონი მას შემდეგ გამოუშვა, რაც Huawei-ისგან დამოუკიდებელი კომპანია გახდა. CNBC-ის ცნობით, ახალ სმარტფონს Google-ის პროგრამულ უზრუნველყოფაზე აქვს წვდომა და Qualcomm-ის ჩიპით არის აღჭურვილი.

529 ევროს (614 დოლარის) ღირებულების Honor 50 მსოფლიოს ორმოც ბაზარზე გაიყიდება, რაც Huawei-ს ყოფილი ბრენდისთვის დიდ ნაბიჯს წარმოადგენს. CNBC-ის შეფასებით, Honor მსოფლიო მასშტაბით ბაზრის წილის დაბრუნებას ცდილობს.

Honor, რომელიც Huawei-ის საბიუჯეტო სმარტფონების ბრენდს წარმოადგენდა, გასული წლის დეკემბერში მყიდველთა კონსორციუმზე გაიყიდა. მყიდველებს შორის ბრენდის მშობლიური ქალაქის, შენჟენის მთავრობაც იყო.

როგორც ცნობილია, 2019-20 წლებში Huawei აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა, რამაც კომპანიას ძირითად ტექნოლოგიებზე, მათ შორის Google Android-ის ოპერაციულ სისტემებსა და მასთან დაკავშირებულ აპებზე, ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვან ჩიპებზე წვდომა შეუზღუდა. ამ სანქციებმა Huawei-ს სმარტფონების ბიზნესი დაანგრია.

Honor-ის გადასარჩენად Huawei-მ ბრენდი გაყიდა. Honor-ს აშშ-ს სანქციები არ ეხება და მისი უახლესი სმარტფონი Android-ზე, Google-ის სრული აპებითა და Qualcomm-ის Snapdragon 778G ჩიპზე მუშაობს. ამასთან, Honor 50-ს უკანა მხარეს 4 კამერა და 6.57-დიუმიანი ეკრანი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ Honor კომპანია Huawei-ს საბიუჯეტო ბრენდად განიხილებოდა, დღეს კომპანია აქტიურად ცდილობს, ბაზრის პრემიუმ სეგმენტში გადავიდეს.

აღსანიშნავია, რომ საკუთრივ ჩინეთის ბაზარზე Honor 50 მიმდინარე წლის დასაწყისში გამოჩნდა. Huawei-სგან გაყოფის შემდეგ, Honor-მა ჩინეთში ბაზრის გარკვეული წილი დაიბრუნა. Counterpoint Research-ის თანახმად, აგვისტოში Honor-ის ბაზრის წილი ჩინეთში 15%-ს შეადგენდა, რამაც ის ქვეყანაში სმარტფონების სიდიდით მესამე მოთამაშედ გადააქცია. Honor-მა ეს პოზიცია წლის განმავლობაში პირველად დაიკავა.

რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, Honor-ის წილი თებერვლის 1.5%-იანი მაჩვენებლიდან იზრდებოდა და აგვისტოში 3.7%-ს მიაღწია, თუმცა ეს ძირითადად ჩინეთში ზრდით იყო განპირობებული.

საერთაშორისო ბაზრებზე Honor-ი სხვა ჩინურ კონკურენტებს, მათ შორის Xiaomi-ს დაუპირიპირდება, რომელმაც Huawei-ის დაკარგული ბაზრის ნაწილი დაიკავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ