სებ-მა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. სებ-ის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ მოცემული პროგნოზი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ წინა პროგნოზზე მეტია. უფრო კონკრეტულად, აქამდე სები ეკონომიკის 8.5%-იან ზრდას ვარაუდობდა.

რაც შეეხება 2022 წელს, ცენტრალური ბანკი ელის, რომ ეკონომიკა მომავალ წელს საშუალოდ 5%-ით გაიზრდება. წინა პროგნოზით კი ზრდა მხოლოდ 4% უნდა ყოფილიყო.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, პროგნოზების გაუმჯობესებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორისაა, დაკრედიტების მაღალი დონე, ასევე მთავრობის ანტიციკლური ფისკალური პოლიტიკა, რომელიც სტაბილურად გრძელდება. გარდა ამისა, ერთ-ერთ მიზეზად ეროვნული ბანკი საქონელსა და მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნას ასახელებს, რომელიც პანდემიის პერიოდში დაგროვდა.

ნოდარ სირბილაძე