წლიურად სახელმწიო საგარეო ვალი 1,213 მლრდ დოლარით გაიზარდა

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1,213 მლრდ დოლარით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი, საგარეო ვალის მოცულობა 72,124 მლნ დოლარით შემცირდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 7,975 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 24,906 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 6,761 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 22,231 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემებს, საგარეო ვალი 8,047 მლრდ დოლარს ანუ მაშინდელი კურსით 25,084 მლრდ ლარს შეადგენდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 848,277 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1,185 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,732 მლრდ დოლარს აჭარბებს.

თაია არდოტელი