აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ბიზნესმენი ილონ მასკი „მილიარდერების გადასახდელის“ შემოღებას ეწინააღმდეგებიან, რომელ კანონპროექტსაც ახლა კონგრესი განიხილავს.
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, თუ აღნიშნული კანონი ამოქმედდება ამერიკელი მილიარდერები ქვეყანას დატოვებენ. „მე ვიცი ეს ქვეყნები და ისინი აღფრთოვანებულნი არიან ამ რადიკალი მემარცხენე მანიაკების კონგრესში საქმიანობით“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, ეს კანონი ხელს ხომ არ შეუშლის მის პრეტენდენტობას მეორე ვადით იყაროს კენჭი ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე, ტრამპი პასუხობს, რომ ის „ამას გაუძლებს, თუმცა ბევრი ვერ“.
თავის მხრივ, ილონ მასკმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ამერიკის შეძლებული ფენისთვის გადასახდელის შემოღება ვერ უშველის სახელმწიფო ვალის პრობლემას, რომელიც 28.9 ტრილიონ დოლარს აღემატება.
„ყველა მილიარდერის 100%-ით დაბეგვრაც კი მხოლოდ ნაწილობრივ შეამცირებს ამ თანხას, ამიტომ მოსალოდნელია, რომ დანარჩენ თანხას ამოიღებენ მოსახლეობისგან“, - დაწერა მან.
მილიარდერების დაბეგვრის წინადადება სენატის ფინანსური კომიტეტის დემოკრატმა კონგრესმენმა რონ უაიდენმა წამოჭრა. მისი ინიციატივით, ამერიკელმა მილიარდერებმა გადასახადები უნდა იხადონ არა მხოლოდ პირდაპირი შემოსავლებიდან, არამედ აქტივების ზრდიდანაც.
უაიდენის გეგმით, გადასახდელი ამოქმედდება იმ ამერიკელებზე, რომელთა აქტივები 1 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო წლიური შემოსავლები 100 მილიონ დოლარს, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში. ჯამში ის შეიძლება შეეხოს 700 ადამიანს. მოსალოდნელია, რომ ამოღებული თანხები მოხმარდეს სოციალურ და ეკონომიკურ მიმართულებებს.