ლონდონის ღვინის სტარტაპი რთველში მოხალისეებს იყენებს

აღმოსავლეთ ლონდონის მეღვინეობის სტარტაპი, Renegade Urban Winery რთველში მოხალისეებს იყენებს, რომლებიც ყურძნის დაწურვაში ამ საქმის სწავლების, გართობისა და უფასო სმა-ჭამის სანაცვლოდ მონაწილეობენ. Reuters-ის ცნობით, კომპანია ამ მეთოდს იმიტომ მიმართავს, რომ როგორც სტარტაპს, მუშახელის დასაქირავებლად შეზღუდული სახსრები აქვს.

„ადამიანებს ნამდვილად სურთ, ღვინის დამზადების შესახებ მეტი გაიგონ და ასევე, ერთმანეთი გაიცნონ,“ - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, უორვიკ სმიტი.

მოხალისეები ყურძნის მარცვალს კუმპალს ხელით სათითაოდ აშორებენ და შემდეგ თავადვე წურავენ ფეხით.

„ძალიან დიდი ხანია, ადამიანები საკუთარ ბინებში არიან ჩაკეტილი, ამიტომ მათ ერთი სული აქვთ, გარეთ გავიდნენ, ისწავლონ რაიმე ახალი, მაგალითად, მეღვინეობასა და სასმელებს გაეცნონ,” - ამბობს სმიტი.

უორვიკ სმიტმა Renegade Urban Winery 2016 წელს შექმნა და ყურძენს ბრიტანეთსა და მის ფარგლებს გარეთ 15 ვენახიდან იბარებს. ის წელიწადში 80 000 ბოთლს აწარმოებს, რომლის გარკვეულ ნაწილს ეტიკეტებზე მოხალისე ლონდონელების გამოსახულებით ყიდის.

სმიტი იმედოვნებს, რომ ღვინის მწარმოებლებსაც აქვთ პოტენციალი, ვენახებიდან მოშორებით, დედაქალაქში ისევე აყვავდნენ, როგორც კრაფტ ლუდის ფირმები განვითარდნენ ლონდონში ბოლო წლების განმავლობაში.

„არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ლონდონში არ შეიძლებოდეს ბრწყინვალე ღვინის დამზადება, თუკი ბრწყინვალე ხილს იყიდით. კრაფტ ლუდს ქალაქებში უკვე წლებია, ამზადებენ და არავინ ფიქრობს იმაზე, თუ საიდან მოდის სვია და ალაო,“ - ამბობს უორვიკ სმიტი.

Reuters-ის შეფასებით, რთველში მონაწილე მოხალისეებისთვის პროექტის მიმზიდველობა ადამიანების გაცნობასა და სიახლის სწავლებაში მდგომარეობს. ამასთან, მათ გემრიელი ღვინის შესმაც მეტად იზიდავს.

„სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ როგორ ამზადებენ ღვინოს და ამაში მონაწილეობა მართლაც შესანიშნავია,“ - აცხადებს 53 წლის ფიგენ იასანი.

27 წლის მოხალისე, დომინიკ რიჩარდსი ამბობს, რომ ხელფასს მაინც ღვინოსა და საჭმელზე ხარჯავს, აქ კი იგივეს „შუამავალის გარეშე“ და თანაც სასიამოვნო საქმის სანაცვლოდ იღებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ