რა მოცულობის ჯარიმა დაეკისრებათ ტაქსიში და კერძო ავტომობილში მოწევისას მოქალაქეებს  - „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“

ტაქსებში თამბაქოს მოხმარება შესაძლოა, აიკრძალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მომზადდა, რომლის განხილვაც პარლამენტში სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ამბობს, რომ პროექტის მიხედვით კანონდამრღვევი ტაქსის მძღოლები 200 ლარით, მგზავრები კი 100 ლარით დაჯარიმდებიან. რაც შეეხება კერძო ავტომობილებს, აქ პირველადი ჯარიმა ყველასათვის 100 ლარით არის განსაზღვრული.

,,გასულ წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ მოსახლეობის 86% უჭერს მხარს ტაქსიში მოწევის აკრძალვას. მათ შორის, არიან მწეველებიც. ყველამ იცის, რომ თამბაქოს კვამლში ათასობით სხვადასხვა ნივთიერებაა, მათ შორის, 250 ტოქსინია, 70 კანცეროგენები, კიბოს გამომწვევი აგენტებია. ეს ყველაფერი გროვდება ტაქსის პატარა კაბინაში. ნებისმიერი ადამიანი ამის შემდეგ, არა მხოლოდ მეორეული მწეველობის მსხვერპლია, არამედ დალექილი ტოქსინებისაც. ყველაზე მეტად მოწყვლადი კი ამ მხრივ ბავშვები არიან.

პირველი ვერსია 2017 წელს იყო, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის აკრძალვასთან ერთად ტაქსიში მოწევაც უნდა აკრძალულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ეკონომიკური გუნდის ძალისხმევით ამ პროცესის გადავადება მოხდა. ახლა კი საზოგადოების მზაობაც მეტია.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, ტაქსიში მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს. რაც შეეხება კერძო ავტომობილებს, აქ აკრძალვა მხოლოდ ბავშვის მგზავრობის შემთხვევაში მოხდება. საჯარო სანქცია მძღოლზე იქნება იმდაგვარი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში, რადგან მგზავრთან შედარებით მას მეტი ბერკეტი აქვს. ჯარიმა მძღოლის შემთხვევაში 200 ლარია, ფიზიკური პირის - მგზავრისთვის კი 100 ლარი.

რაც შეეხება კერძო ავტომობილში მოწევის შემთხვევას, აქ მხოლოდ მწეველზე მოდის სანქცია და ის 100 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში 200 ლარით, ყოველი მომდევნო ჯარიმა კი 300 ლარია. ადმინისტრირების ორგანო, კვლავ საპატრულო პოლიციაა. დაჯარიმება მოხდება უკონტაქტო კამერებითაც და ასევე ეკიპაჟების მიერაც“- განაცხადა ბახტურიძიემ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი