Tesla-სთვის შეკვეთილი 100 000 მანქანის ნახევარი Hertz-ისგან კომპანია Uber-მა იქირავა

Uber Technologies მანქანების გაქირავების კომპანია Hertz-თან ახალ პარტნიორობას იწყებს და Tesla-ს წარმოების 50 000 ერთეულ ელექტრომობილს თავისი მძღოლებისთვის უკვეთავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

Uber კომპანია Hertz-ის მეშვეობით Tesla-ს მანქანებს მთლიანად 2023 წლამდე დაიქირავებს. ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, სან დიეგოსა და ვაშინგტონში მძღოლები ელექტრომობილების დაქირავებას უკვე 1-ლი ნოემბრიდან შეძლებენ, ხოლო ამ წლის ბოლოს პროგრამა აშშ-ს ყველა ქალაქის მასშტაბით გაფართოვდება.

ორშაბათს Hertz-მა განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლოსთვის Tesla-ს 100 000 მანქანა შეუკვეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტოპარკის ნახევარი გამქირავებელ კომპანიას, ექსკლუზიურად, Uber-ის მძღოლებისთვის ექნება დაჯავშნილი.

Tesla-ს ისტორიაში ყველაზე დიდმა შეკვეთამ კომპანიის აქციების ფასის ზრდა გამოიწვია, რის შემდეგაც ელექტრომობილების კომპანიის საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ოთხშაბათს Tesla-ს აქციები კიდევ 3%-ით, Hertz-ის კი 2%-ით გაიზარდა, ხოლო Uber-ის აქციები 1,4%-ით დაეცა.

ოთხშაბათს Hertz-მა, ასევე, პარტნიორობაზე ცალკე ხელშეკრულება მეორადი მანქანების ონლაინ დილერ Carvana-სთან დადო, რომლის აქციები დილის ვაჭრობაზე 3%-ით გაიზარდა. შეთანხმების თანახმად, Hertz გამოყენებულ ავტოპარკს მასობრივ აუქციონებზე აღარ გაყიდის და Carvana-ს სარეალიზაციო არხებით პირდაპირ მომხმარებლებს მიყიდის.

Uber-ის მძღოლებისთვის Tesla-ს ავტომობილის ქირის ფასი კვირაში 334 დოლარიდან დაიწყება, რაშიც დაზღვევა და ტექნიკური მომსახურებაც შევა. ავტოპარკი, ძირითადად, Model 3 სედანისგან შედგება. თუმცა Uber-მა განაცხადა, რომ კვირაში ქირის ღირებულება 299 დოლარამდე ან კიდევ უფრო მეტად შემცირდება, რადგან პროგრამა მომავალ წელს გაფართოვდება.

Hertz-თან გუშინდელი გარიგება Uber-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს თავის პლატფორმაზე ელექტრომობილების გამოყენების გაფართოებაში. კომპანიამ პირობა დადო, რომ თავის პლატფორმაზე 2030 წლისთვის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპაში, ხოლო 2040 წლისთვის მთელ მსოფლიოში მხოლოდ ელექტრომობილებს ამუშავებს.

თუმცა ელექტრომობილებზე მაღალი ქირის გადახდა ტაქსის მძროლებს გაუჭირდებათ. კომპანიის მონაცემებით, 2019 წელს აშშ-სა და კანადაში Uber-ის ტაქსების მიერ გავლილი მთლიანი მანძილიდან ელექტრომობილების წილი მხოლოდ 0.15%-ს შეადგენდა.

Hertz-ი, რომელიც გაკოტრებიდან გამოდის, იმედოვნებს, რომ ელექტრომობილებზე ფოკუსირება ერთ დროს დომინანტურ ბრენდს საშუალებას მისცემს, კონკურენტებისგან გამოირჩეოდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ