”ყაზახეთის პრემიერმა გვიბრძანა, საქართველოში ახალი ინვესტიციები ჩაგვედო”

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ფაქტობრივად გვიბრძანა, ახალი ინვესტიციები ჩაგვედო საქართველოში, - ამის შესახებ ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ერმუხამეტ ერტისბაევმა დღეს, ლიკანში, "რიქსოსის" ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის გახსნაზე განაცხადა.

"ჩვენი მთავარი ამოცანა არის ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობა, გამყარება და მე დღეს პატივი მხვდა წილად, რომ ვიხილო ეს ორმხრივი პატრნიორობა, თანამშრომლობა. ამ სასტუმრო კომპლექსის გახსნა არის ჩვენი პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც 2005 წელს გაჟღერდა. შარშან ნოემბერში საქართველოს მთავრობიდან ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, რომელიც მძლავრი სიგნალია ინვესტორებისთვის. საქართველო არის მომხიბვლელი ქვეყანა ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა კარიმ მასიმოვმა, ფაქტობრივად, გვიბრძანა, გვთხოვა, რომ ახალი საინვესტიციო პროექტები შეგვეგროვებინა, რათა ახალი ინვესტიციები ჩაგვედო საქართველოში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 23 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენ სულ ვუახლოვდებით ერთმანეთს", - განაცხადა ყაზახეთის ელჩმა.

ლიკანში, დღეს "რიქსოსის" 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.