თბილისის მერია მრავალსართულიანი პარკინგების პროგრამას იწყებს

თბილისის მერიას მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი უკვე დამუშავებული აქვს.

ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. "ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ მრავალსართულიანი პარკინგების პროგრამას. უკვე დამუშავებული გვაქვს ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტების მხრიდან ტერიტორიების გამოყოფასა და ინვესტორებისთვის შეთავაზებას, სადაც მათ შეუძლიათ, ააშენონ მრავალსართულიანი პარკინგები, პარკირების საფასურის სახით კი მიიღონ შესაბამისი თანხა და მათთვის ეს პროექტი კომერციულად საინტერესო გახდეს. ეს იქნება ალტერნატივა, რომელსაც ჩვენ პარალელურ რეჟიმში გამოვაცხადებთ და დაინტერესებულ კომპანიებს შევთავაზებთ", - განაცხადა ნარმანამ.

ამასთან, ტროტუარებზე პარკირების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის რამდენიმე სამსახურმა სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა განაცხადა. "დღევანდელი მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერისგან მივიღე დავალება, რომ შევისწავლოთ ტროტუარებზე განლაგებული პარკირების ადგილები. ზოგიერთი მათგანი უსაბუთოდ და უკანონოდაა განთავსებული და ხშირ შემთხვევაში ფეხით მოსიარულეს გადაადგილებაში ხელს უშლის. ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და იანვრის ბოლომდე მერის დავალების შესაბამისად, იქნება რეალური სურათი, თუ რატომაა ქალაქში ტროტუარებზე განლაგებული პარკირების ადგილები", - განაცხადა ჯაჭვლიანმა და დასძინა, რომ სამუშაო ჯგუფში რამდენიმე სამსახური შედის.