მსოფლიოში უმსხვილესი ონლაინ-რითეილერის, კომპანია Amazon-ის სუფთა მოგება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ არის შემცირებული. ამის შესახებ მონაცემებს თავად კომპანიის ანგარიშში ვკითხულობთ.
მესამე კვარტალში კომპანიის სუფთა მოგება 3,2 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 6,3 მილიარდი ჰქონდა. მისი საოპერაციო შემოსავლები კი დაკლებულია 6,2 მილიარდიდან 4,9 მილიარდამდე.
Amazon-ი აღნიშნულს კომპანიის მიერ გაფართოებული ინვესტიციებით ხსნის, რომელიც მიმართულია კომპანიის განვითარებისკენ, იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში გაზრდილია მოთხოვნა მიწოდების სერვისზე, ასევე ხელფასების ზრდასთან და ლოჯისტიკურ ჯაჭვში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე.
Amazon-მა სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადა, რომ აპირებდა 55 ათასი ადამიანის დასაქმებას მომდევნო თვეების განმავლობაში, იმის გამო, რომ კომპანიამ დააკმაყოფილოს საცალო ვაჭრობაში მიწოდების მოთხოვნა.
ამავე საანგარიშო პერიოდში კომპანიას 110.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია.