რუსეთმა თურქული მანდარინის იმპორტი დროებით აკრძალა და შესაბამისად, ფედერაციის ბაზარზე დეფიციტის შესავსებად შესაძლოა, ქართული მანდარინის იმპორტზე მოთხოვნა გაიზარდოს. თუმცა პორტალი EastFruit ამას ნაკლებად მოელის, რადგან, მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მანდარინის მოსავალი მიმდინარე წელს გაიზარდა, ზომასთან და ხარისხთან დაკავშირებით ქართულ ციტრუსს პრობლემები აქვს.
რუსეთის ზედამხედველობის სამსახურმა, „როსპოტრებნადზორმა“ თურქეთიდან ახალი მანდარინის იმპორტი აკრძალა, რის მიზეზადაც თურქული ციტრუსის მხოლოდ ერთ პარტიაში პესტიციდ ქლორპირიფოსის (Chlorpyrifos) დასაშვებ დონეზე ჭარბი რაოდენობით აღმოჩენა დასახელდა.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა თურქეთში წარმოებულ „ახალი მანდარინის“ საკვებ პროდუქტებში სავალდებულო სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევა აღმოაჩინა. ამ მანდარინებში აღმოჩენილია პესტიციდ ქლორპირიფოსის ნარჩენი რაოდენობა, რომლის კონცენტრაცია მაქსიმალურ დასაშვებ დონეს აღემატება. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის მოსახლეობაში მასობრივი არაინფექციური დაავადებების (მოწამვლის) გაჩენისა და გავრცელების პრევენციის მიზნით, მითითებული საკვები პროდუქტების იმპორტი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სპეციალურ ბრძანებამდე შეჩერებულია, რაც „მოსახლეობის სანიტარული და ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის კანონის“ 51-ე მუხლის 1 ნაწილის მე-5 პუნქტის შესაბამისად განხორციელდა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტის შეჩერების შესახებ ფედერალური საბაჟო სამსახური ინფორმირებულია. სიტუაცია „როსპოტრებნადზორის“ მკაცრ კონტროლს ექვემდებარება,“ - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვიანებით თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განმარტა, რომ აკრძალვა მხოლოდ ერთ კომპანიას ეხება, მაგრამ „როსპოტრებნადზორის“ ვებგვერდზე ამის შესახებ მკაფიო ფორმულირება არ არის და განმარტება არც რუსეთის ფედერაციის ოფიციალური ორგანოებიდან გაკეთებულა.
დადგენილების ტექსტში სისტემატურ დარღვევებზე საუბარი არ არის და მითითება მხოლოდ პროდუქციის ერთ პარტიაზე კეთდება, ამიტომ, EastFruit-ის ცნობით, პროდუქციის ბაზრის ექსპერტებმა ამ გადაწყვეტილებას მაშინვე „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდეს.
თურქეთი რუსეთის ბაზარზე მანდარინის უმსხვილესი მიმწოდებელია. იანვრიდან აგვისტომდე ფედერაციაში 72 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 107,6 ათასი ტონა თურქული მანდარინი შევიდა. მეორე ადგილზე პაკისტანია, რომელმაც რუსეთში 50,8 მლნ დოლარის 73 ათას ტონაზე მეტი მადარინი შეიტანა. ამასთან, 2020 წელს თურქეთმა რუსეთს 370 ათას ტონაზე მეტი მანდარინი მიაწოდა, რაც ორი ათას ტონაზე მეტ პარტიას ნიშნავს.
გადაწყვეტილება რომ პოლიტიკურია, ამ აზრს EastFruit-ის ანალიტიკოსებს ის ვითარებაც უმტკიცებს, რომ აკრძალვა დაემთხვა პერიოდს, როცა თურქეთში მანდარინის მოსავლის მასიური აღება იწყება, ხოლო ექსპორტის მიწოდების პიკი ტრადიციულად წინასაახალწლო კვირებზე მოდის.
გასულ წელს თურქმა მიმწოდებლებმა რუსეთში მანდარინის ექსპორტიდან 270 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღეს, რაც, 2019 წელთან შედარებით, 1,5-ჯერ მეტია.
„ცხადია, აკრძალვა თურქეთისთვის სერიოზული დარტყმა იქნება და ექსპორტის შემოსავლის მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს,“ - წერს პორტალი.
რუსეთი თურქული მანდარინის მთავარი ბაზარია. 2020 წელს ამ კატეგორიის მთლიანი ციტრუსის 52% რუსეთის ბაზარზე შევიდა, რაც ოთხჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის შემდეგ მყოფი უკრაინისა და ერაყის ბაზრებზე შესული მანდარინის მოცულობა. შესაბამისად, EastFruit დაასკვნის, რომ ხილის თურქ ექსპორტიორებს ახლო ბაზრებზე ალტერნატივის პოვნა გაუჭირდებათ.
„პატარა საქართველო არ აწარმოებს იმ რაოდენობით მანდარინს, რასაც თურქეთი, ჩვეულებრივ, აწვდის რუსეთს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველო თურქული პროდუქციის გარკვეული მოცულობის ჩანაცვლებას შეძლებდეს,“ - წერს პორტალი, რომლის პროგნოზითაც, რუსეთში მანდარინის შემდგომი გაძვირება დამატებითი იმპორტის მობილიზებას მაროკოდან, პაკისტანიდან, ეგვიპტიდან, ისრაელიდან და ჩინეთიდანაც კი გამოიწვევს, თუმცა წარმოქმნილი ვაკუუმის შევსებას არც ეს არ ეყოფა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ